2012-13 წლების სეზონის ბოლოს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლეგენდას დაემშვიდობა: 27 წლის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
ფერგი პრემიერ ლიგის თანამედროვე ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს დღემდე ინარჩუნებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოველ საშინაო თამაშზე, ჩნდება დროშა, რომელზეც წერია: „1) „იუნაიტედი“ 2) ბავშვები 3) ცოლი“.
დროშა ყველას ახალისებდა, პატრის ევრას გარდა. ის იმდენად შეპყრობილი იყო ფერგიუსონის გამარჯვების აკვიატებით, რომ შვილისგან ასეთ სიტყვებს ისმენდა: „მძულს „მანჩესტერ იუნაიტედი“, რადგან მან მამა წამართვა“.
„მე აღარ ვიყავი პატრის ევრა. მე ვიყავი მანქანის ნაწილი, რომელიც ფერგიუსონმა გამარჯვებებისთვის დააპროგრამა - ისევ და ისევ. ჩემპიონთა ლიგის 2008 წლის ფინალში ტრიუმფის შემდეგ, მან გვითხრა: „ყოჩაღ, გილოცავთ. მაგრამ თუ მომავალ სეზონში ასე არ იმუშავებთ, გაგაგდებთ“, - ამბობდა ფრანგი მცველი.
ამ გამარჯვებამდე 2,5 წლით ადრე, ევრა „მონაკოდან“ ჩამოვიდა და უორსლიში მდებარე Marriott-ის სასტუმროში დაბინავდა. იქ ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ კიდევ ერთ ახალწვეულს – ნემანია ვიდიჩს შეხვდა.
არც ერთმა მათგანმა ინგლისური ენა ჯერ არ იცოდა, ამიტომ ერთმანეთთან ჟესტების ენით ურთიერთობდნენ.
მალე ფერგიუსონმა ისინი სარეზერვო გუნდში გადაიყვანა. მანამდე ევრას დებიუტი „წითელ ეშმაკები“ მანჩესტერულ დერბიში შედგა, თუმცა ის ვერ გაუმკლავდა მარჯვენა ვინგერ ტრევორ სინკლერს. პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 0:2 დასრულდა, ფერგიუსონისგან მოისმინა: „ყველაფერი დასრულდა! ახლა დაჯექი, უყურე თამაშს და ისწავლე ინგლისური ფეხბურთი“.
45 წუთის შემდეგ, ევრამ და ვიდიჩმა იგივე მოისმინეს სარეზერვო გუნდის მწვრთნელ რენე მელენსტენისგან.
„გასახდელში მე და ნემანია დავფიქრდით: რა ჯანდაბა გვინდა აქ. ვიდიჩმა თქვა, რომ მოსკოვში უნდა დაბრუნებულიყო, მე კი ვთქვი, რომ ჯობდა მილანის შეთავაზებას დავთანხმებოდი“, - იხსენებდა ევრა.
ერთი თვის შემდეგ „იუნაიტედი“ „უიგანს“ ლიგის თასის ფინალში, 4:0-ს უგებდა და ფერგიუსონმა რუუდ ვან ნისტელროი გასახურებლად გაუშვა.
ამ უკანასკნელმა უარი თქვა, რადგან ნაწყენი იყო იმის გამო, რომ სასტარტოში ლუი საა დააყენეს.
ბოლო 7 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ფერგიუსონმა მოედანზე ევრა და ვიდიჩი შეუშვა. გასახდელში ალექსმა განმარტა: „ეს იმიტომ გავაკეთე, რომ იგრძნოთ, რას ნიშნავს „იუნაიტედთან“ ერთად ტიტულების მოგება“.
ერთი წლის შემდეგ ევრა და ვიდიჩი პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ ფერგიუსონი არა მხოლოდ ლოთობას ებრძოდა, არამედ ფეხბურთელების პირად ცხოვრების სხვა ასპექტებშიც ერეოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავდა, რომ ყურადღება ეფანტებოდათ და ამას „ვარსკვლავურ დაავადებას“ ეძახდა.
მაგალითად, ფერგიუსონმა მარცხენა ვინგერი, ლი შარპი, აიძულა შეყვარებულს დაშორებოდა, გაეყიდა ჯიპი Grand Vitara და მოეშორებინა დრამი, რომელზეც ლი სახლში დაკვრას სწავლობდა.
1993 წელს მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ, მერიაში გამართულ მიღებაზე, ფერგიუსონი შარპს არასერიოზული მწვანე კოსტიუმის გამო ჯარიმით დაემუქრა და სიბრაზისგან გაწითლდა, როდესაც მოისმინა: „კანტონას საერთოდ ჰალსტუხი არ უკეთია და წითელი კედები აცვია. მასაც დასჯით?“
კანტონამ ფერგიუსონს აუხსნა, რომ საფრანგეთში მსგავს ღონისძიებებზე ყველა ასე იცვამს და ჯარიმას გადაურჩა, თუმცა მოგვიანებით მაინც გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში.
„არ მეშინოდა მოთამაშეების პირად სივრცეში შეჭრის. მაგალითად, ვარცხნილობის ან სამკაულების არჩევანში. ვერ ვხვდები, რატომ ურჩევნია ზოგიერთ ბიჭს გრძელი თმის მოშვება? პირველად ამის გამო ფეხბურთელთან 1996 წელს ვიჩხუბე, როცა კარელ პობორსკი ჩვენთან პრაღის „სლავიიდან“ მოვიდა. ის ისე გამოიყურებოდა, თითქოს „ლედ ზეპელინში“ აპირებდა დაკვრას და არა „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშს. როგორღაც დავითანხმე თმის შეჭრაზე, მაგრამ ამის შემდეგაც კი, მისი თმა ზედმეტად გრძელი იყო. ზოგიერთ ფეხბურთელს მოსწონდა ჯვრებიანი ჯაჭვების ტარება, რომლებიც უფრო მძიმე იყო, ვიდრე იერუსალიმელი მომლოცველების. ეს ყველაფერი ავკრძალე. მაგრამ თითქმის ვერაფერს ვუხერხებდი ტატუებს – ჩემთვისაც კი რთულია იმის მტკიცება, რომ ისინი არც ერთ გრამს არ იწონიან“, - იხსენებს ფერგიუსონი.
ამ სიგიჟეს დასაბამი კანტონამ დაუდო. ერთხელ ის ვარჯიშზე ამერიკელი ინდიელების ბელადის თავის ფორმის ტატუთი გამოცხადდა. თანაგუნდელები კანტონას აღმერთებდნენ, ამიტომ რამდენიმე ფეხბურთელმა მის მაგალითს მიბაძა.
ფერგიუსონი ფეხბურთელებს ვარჯიშზე ერთჯერადი დაგვიანებისთვის არ აჯარიმებდა, მაგრამ უფრო სერიოზული გადაცდომებისას დაუნდობელი იყო – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოკლევადიან პერსპექტივაში გუნდს აზიანებდა. ის მიიჩნევდა, რომ დისციპლინა უფრო მნიშვნელოვანია.
როდესაც კანტონამ 1995 წლის იანვარში, 20 წლის გულშემატკივარს დაარტყა, კლუბმა ის სეზონის ბოლომდე არ ათამაშა. მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირველ ადგილს ერთი ქულით ჩამორჩებოდა, ხოლო კანტონა გუნდის ლიდერი იყო.
17 წლის შემდეგ, ფერგიუსონმა 3 მოთამაშე ლოთობის გამო დასაჯა, მაშინ როდესაც შემადგენლობა ისედაც შეთხელებული იყო ტრავმების გამო. გუნდი „ბლექბერნთან“ 2:3 დამარცხდა, რამაც „მანჩესტერ სიტის“ ცხრილში დაწინაურების საშუალება მისცა.
„გუნდში მე ვიყავი პროკურორი, მოსამართლე და ჯალათი. ყველაზე მარტივი და ეფექტიანი სასჯელი სიჩუმეა. ეს ძალიან მოსახერხებელია: არ გჭირდება მოთამაშის შეურაცხყოფა, უბრალოდ აიგნორებ და მას ესმის, რომ უპირატესობა დაკარგა. ასევე, მე ბევრჯერ დამიჯარიმებია ფეხბურთელები ერთკვირიანი ან ორკვირიანი ხელფასის ოდენობით, მსაჯებთან კამათის, უაზრო უხეშობების ან მოედნის გარეთ არაადეკვატური საქციელისთვის. სხვა მეთოდი მოთამაშის სათადარიგო სკამზე დატოვებაა. კიდევ უფრო მკაცრი, ის მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანო და ტრიბუნაზე გაუშვა. ფეხბურთელისთვის ეს საჯარო ჩამოხრჩობის ტოლფასია. ეს ყველაზე მოქმედებდა. მაგრამ ყველაზე სერიოზული სასჯელი – ვარჯიშებიდან მოხსნაა“, - ამბობდა ფერგიუსონი.
ფერგიუსონმა კანტონა მას შემდეგ იყიდა, რაც გასახდელში ცენტრალური მცველების – სტივ ბრიუსისა და გარი პალისტერის საუბარი მოისმინა, რომლებიც ერიკის თამაშს აღფრთოვანებით განიხილავდნენ.
მას შემდეგ, ფერგი რეგულარულად უსმენდა მოთამაშეების აზრს, მაგრამ 1995 წლის შემოდგომაზე ამან „მანჩესტერ იუნაიტედს“ ავნო.
„უეფას თასზე ვოლგოგრადის „როტორთან“ მატჩის წინ, „ოლდ ტრაფორდზე“, ძირითად შემადგენლობაში ჯონ ო’კეინი შევიყვანე. ის ნიჭიერი ფლანგის მცველი იყო, მაგრამ იმ დროისთვის ძირითადში მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჰქონდა ჩატარებული. მატჩის დაწყებამდე ათი წუთით ადრე, მან მოულოდნელად მაცნობა, რომ მარჯვენა მცველის ნაცვლად, მარცხენა მცველად სურდა თამაში. ეს თამაშის წინ ნერვიულობის შედეგი იყო და მე არაფრის გაკეთება შემეძლო. ო’კეინის მოთხოვნა მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი აღმოჩნდა. ფილ ნევილი მარჯვნივ გადავწიე, ჯონი კი მარცხნივ, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ იძულებული გავხდი, შეცვლა გამეკეთებინა. მეტოქე უბრალოდ ანადგურებდა ო’კეინს“, -იხსენებდა ფერგიუსონი.
ხუთი წლით ადრე, „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა ჯონის გადმობირებისთვის ბრძოლა „ნოტინგემ ფორესტის“ მწვრთნელს, ბრაიან კლაფს მოუგო.
„სერ ალექსმა სახლში დამპატიჟა და ეს სიურეალისტური გამოცდილება იყო. სნუკერი ვითამაშეთ, შემდეგ კი „არსენალის“ მატჩზე წავედით. მე მოვწონდი ფერგიუსონს. ის მეუბნებოდა: „შენ ჩემი საუკეთესო მარჯვენა მცველი ხარ, წადი და დაამტკიცე ეს“. სამწუხაროდ, მოედანზე მაქსიმალურად არ ვიხარჯებოდი ჩემი განცდების გამო. მე ვიცოდი, რომ აუტიზმი მქონდა, მაგრამ ვცდილობდი ამას გავმკლავებოდი“, - ამბობდა ო’კეინი.
ფერგიუსონი მაინც უგრძელებდა კონტრაქტს ჯონს და იმეორებდა: „შენ გარი ნევილზე უკეთესი ხარ. უბრალოდ, შენს თავში გაერკვიე“.
მწვრთნელი ყველანაირად უჭერდა მხარს ო’კეინს და კვირაში 3-4-ჯერ ესაუბრებოდა მას თავის კაბინეტში, მაგრამ „როტორთან“ წარუმატებელი თამაშის შემდეგ მხოლოდ რამდენჯერმე გაიყვანა მინდორზე და 1998 წელს, „ევერტონს“ მიჰყიდა.
ერთ-ერთი ჭირვეული ვუნდერკინდი, რომელიც ფერგიუსონს ფეხბურთისადმი არასწორი დამოკიდებულებით აღიზიანებდა, დანიელი ფორვარდი, მადს ტიმი იყო.
ის ძირითად შემადგენლობაში პრობლემას პრობლემას იმით ხსნიდა, რომ უარს ამბობდა ფერგიუსონის შვილის, ჯეისონის სააგენტო კომპანიასთან თანამშრომლობაზე და ალექსს ნეპოტიზმში ადანაშაულებდა.
90-იანი წლების ბოლოს, ფერგიუსონს, ჯეისონის ტყუპისცალის, დარენის „ნოტინგემ ფორესტში“ მოწყობა უნდოდა, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეორე მწვრთნელმა, არჩი ნოქსმა, გადააფიქრებინა: „რატომ უნდა გავაძლიეროთ კონკურენტი?“ - ეუბნებოდა ის.
დარენს მამის გუნდში დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა. 1992/93 წლების სეზონში პირველი 15 მატჩი ჩაატარა, მაგრამ შოტლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში მუხლი დაიზიანა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა.
ნახევარი წლის შემდეგ, ფერგიუსონმა ბრიტანული სატრანსფერო რეკორდი მოხსნა და „ნოტინგემ ფორესტიდან“ 3.75 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ, როი კინი იყიდა, რომელიც იმავე პოზიციაზე თამაშობდა, რაზეც დარენი.
„ჩემი შვილისთვის ეს ტრაგედია გახდა და მან მთხოვა, რეგულარული სათამაშო პრაქტიკისთვის გამეშვა სხვა კლუბში. მე დავეხმარე მას „ვულვერჰემპტონში“ გადასვლაში. მაგრამ იქაც არ უმართლებდა: ოთხ სეზონში ოთხი მწვრთნელი შეიცვალა. როდესაც დარენი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, ჩვენ უხერხულობას ვგრძნობდით, როდესაც გასახდელში ვხვდებოდით. მან გაიგო, რომ იქ მე მთავარი მწვრთნელი ვიყავი და არა მამამისის. ეს მაშინ გაირკვა, როდესაც მან უარი თქვა პასუხის გაცემაზე ჩემს შეკითხვებზე, თუ როგორი ცხოვრების წესი ჰქონდათ სხვა მოთამაშეებს. მას თანაგუნდელების დაბეზღება არ დაუწყია. ჩემი ცოლი ვერ მპატიობს მის „ვულვერჰემპტონში“ გადასვლას და მსაყვედურობს: „შენ შვილი გაყიდე“, - აღიარა მოგვიანებით ფერგიუსონმა.
ფერგიუსონი ამაყობს იმით, რომ ახალგაზრდობაში მოედანზე გადიოდა საკუთარი ქორწილისა და პირველი შვილის დაბადების დღეებზე კი, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედის“ სათავეში ყოფნის 27 წლის განმავლობაში, მან მხოლოდ სამი მატჩი გამოტოვა: ძმის მეუღლის გარდაცვალების, შვილის ქორწილის (სამხრეთ აფრიკაში) და დავიდ დე ხეას შეძენის შესახებ მოლაპარაკებების გამო.
შრომისმოყვარეობა ფერგიუსონმა მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო: მამამისი კვირაში 60 საათს მუშაობდა გლაზგოში, გემთმშენებელ ქარხანაში, დედა კი – ავიამშენებლობის ქარხანაში. მათზე დაკვირვების შემდეგ, ალექსს არ უყვარდა ზარმაცი ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ ნიჭს ფლანგავდნენ და არ შრომობდნენ მის განვითარებაზე.
როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ წყვეტდა მოგებებს და გუნდის გამოფხიზლება იყო საჭირო, ფერგიუსონი მოთამაშეებს შეხსენებდა, რომ ისინი მუშათა კლასიდან იყვნენ.
„მე ვეუბნებოდი, რომ მათი ბებია-ბაბუები ან რომელიმე ნათესავი ყოველდღე მუშაობდა მოკრძალებული ხელფასის სანაცვლოდ. ფეხბურთელებისგან კი მხოლოდ ის მოითხოვება, რომ 90 წუთი მაქსიმალურად იმუშაონ და ამის სანაცვლოდ უამრავი ფული მიიღონ. „გამოთქმა „მუშათა კლასი“ სულაც არ ნიშნავდა რამეს მოთამაშეების უმეტესობისთვის, განსაკუთრებით უცხოელებისთვის, მაგრამ ყველამ იცოდა მძიმე ბედის ადამიანების შესახებ. და მე ვიმეორებდი ფეხბურთელებისთვის: „როდესაც შევწყვეტთ მეტ შრომას, ვიდრე მეტოქეები შრომობენ, ჩვენ აღარ ვიქნებით „მანჩესტერ იუნაიტედი“. ჩემს კაბინეტში ეკიდა უზარმაზარი, შავ-თეთრი ფოტოსურათი ოცდაათიანი წლებიდან: მასზე გამოსახული იყო თერთმეტი მუშა, რომლებიც ფოლადის ძელზე საუზმობდნენ, მიწიდან რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე. ფოტო როკფელერის ცენტრის მშენებლობის დროს იყო გადაღებული. მისი დანახვისას თმები ყალყზე მიდგებოდა. ეს ბიჭები იქ ისხდნენ სამუშაო ტანსაცმელსა და ჩაფხუტებში, დაზღვევის გარეშე, და ერთ-ერთი მათგანი სიგარეტსაც კი ეწეოდა. მოთამაშეებისთვის ფოტოს ჩვენებისას ვეუბნებოდი, რომ თუ ერთ-ერთი მუშა წონასწორობას დაკარგავდა, დანარჩენები მის გადარჩენას შეეცდებოდნენ. „ეს არის გუნდური სულისკვეთება: როცა მზად ხარ, სიცოცხლე გაწირო მეორისთვის“, - იხსენებდა ფერგიუსონი.
სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში ფერგიუსონი წაგებების მიმართ შეუწყნარებელი იყო, თუმცა წლების შემდეგ, მან მეთოდები შეცვალა.
თუ გუნდი წარუმატებლობას განიცდიდა, ის მათ საჯაროდ არ აკრიტიკებდა, არამედ მატჩის შემდგომ ინტერვიუებში, მსაჯების შეცდომებზე, დაუნდობელ კალენდარზე ან საკადრო პრობლემებზე საუბრობდა, რითაც ამცირებდა ზეწოლას მოთამაშეებზე.
როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ კარგ თამაშს აგებდა, ფერგიუსონი მატჩის შემდეგ გასახდელს შემოივლიდა და თითოეულ ფეხბურთელს თავზე ხელს უსვამდა, მაგრამ გრძელი საუბრებისგან თავს იკავებდა.
„ყვირილი არ არის ადამიანებზე ზემოქმედების ერთადერთი საშუალება. ზოგჯერ, წაგების შემდეგ, მოთამაშეებს მხოლოდ ყველაზე აუცილებელ ინფორმაციას ვაწვდიდი, შემდეგ კი ჩუმად ვჯდებოდი სკამზე. სიჩუმე გუნდზე ნებისმიერ სიტყვაზე ძლიერად მოქმედებდა. უახლოეს ვარჯიშზე ვეუბნებოდი: „ნახეთ, რაც თქვენზე დაწერეს? კმაყოფილები ხართ? შევეცადოთ, არ მივცეთ მათ ჩვენი გაკიცხვის საბაბი. შემდეგ პრესკონფერენციაზე მინდა ვთქვა: ფანტასტიკა! ჩვენ წარმოუდგენლად ვითამაშეთ“. „მანჩესტერ სიტის“ 2012 წლის ჩემპიონობა ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო – ჩვენ ბურთების სხვაობით დავმარცხდით. მაგრამ ამან გამოგვაფხიზლა და გუნდის განვითარების ვექტორი გვაჩვენა. მომდევნო წელს ჩვენ პირველები გავხდით და „სიტის“ თერთმეტი ქულით გავუსწარით. 1993 წელს ჩემპიონობის შემდეგ, ხუთჯერ დავასრულეთ სეზონი მეორე ადგილზე, მაგრამ მომდევნო სეზონში აუცილებლად ვიგებდით ტიტულს: მოთამაშეები გამარჯვების სულისკვეთებით ივსებოდნენ და ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ რევანშის აღებას. ეს ნიშნავს, რომ წაგებასაც მოაქვს სარგებელი“ , - ამბობდა ფერგიუსონი.
თუმცა, ალექსი გასახდელში ყოველთვის არ იყო ისეთი მშვიდი, როგორც მოყოლა უყვარს.
მის მრისხანე ყვირილს, მოთამაშეები„ფერგიუსონის ფენს“ უწოდებდნენ.
„არაფერია ფენზე უარესი. როდესაც მწვრთნელი ყვიროდა, მეგონა, რომ ჩემკენ BaByliss Turbo Power 2000 იყო მომართული. ეს საშინელება იყო და ზოგჯერ საპასუხოდ ვყვიროდი. მწვრთნელს ვეუბნებოდი, რომ მართალი მე ვარ და არა ის. როდესაც დავმშვიდდებოდი, ვხვდებოდი, რომ ყველაფერი პირიქით იყო. ყველაზე მძლავრი ფენი, რაც მახსოვს, „სელტიკთან“ 0:1 წაგების შემდეგ ჩაირთო, 2006 წელს. ყველაზე მეტი ლუი საას მოხვდა, რომელმაც ბოლო წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ მეც მომხვდა. მწვრთნელმა იცოდა, რომ კლუბთან ახალ კონტრაქტზე ვსაუბრობდი და თქვა: „მოთამაშეები, რომლებსაც კლუბისგან მეტი ფული უნდათ, ასეთი მატჩის შემდეგ მას არ იმსახურებენ“. ფერგიუსონს ჩემთვის არ შემოუხედავს, მაგრამ მივხვდი, ვის გულისხმობდა. და ის მართალი იყო“, ამბობდა უეინ რუნი.
ერთ-ერთი ყველა ცნობილი ფაქტი გასახდელიდან, დევიდ ბექჰემისთვის ნასროლი ბუცი და მისი გახეთქილი წარბია.
ინგლისელის მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ფერგიუსონს არ სიამოვნებდა, რამაც საბოლოოდ ორ ლეგენდას შორის დაპირისპირება გამოიწვია.
შოტლანდიელმა სპეციალისტმა, 2003 წელს, „არსენალთან" დამარცხების შემდეგ, ბექჰემს ბუცი ესროლა და წარბი გაუხეთქა.
2013 წელს, ფერგიმ თავის ბიოგრაფიულ წიგნში, აღნიშნული ინციდენტი განმარტა. მისი თქმით, ის ბექჰემის მიმართ იმედგაცრუებული იყო, რადგან ის „რეალში" გადასვლას ლამობდა.
თავის მხრივ, ბექჰემმა ამ ფაქტის საკუთარი ვერსია გაამხილა:
„13 წლის განმავლობაში, ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა. ფერგი მატჩამდე გამოდიოდა და გვიყვებოდა, თუ როგორი მიზანი ჰქონდა ახალგაზრდობაში, რომელიც ახლა აღარ აქვს. თუმცა "არსენალთან" მატჩის შემდეგ, რომელშიც მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, დავრწმუნდი, რომ ის თავის მიზანზე მართალს ამბობდა. ფერგი შემოვიდა გასახდელში და ჩვენ რამდენიმე სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს. იგი ჩემსკენ წამოვიდა და თან ტანსაცმლის გროვა იატაკზე მოისროლა, სწორედ იქიდან ავარდნილი ბუცი მომხვდა. მაშინ დანამდვილებით მივხვდი, რამდენად ზუსტი იყო ის ახალგაზრდობაში."
„მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში „იუნაიტედში“, სქოულზი იყო ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც მწვრთნელი არასოდეს ეჩხუბებოდა. პირიქით, ის გვთხოვდა, რომ უფრო ხშირად მიგვეწოდებინა პოლისთვის ბურთი, რადგან მას თამაშის ტემპის კონტროლი უმაღლეს დონეზე შეეძლო“, - იხსენებდა პატრის ევრა.
ახლა სერ ალექსი 83 წლისაა, თუმცა კვლავ აქტიურად ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ ყოფილი გუნდის თამაშებს მუდმივად ესწრება, ამ დრომდე კლუბის ელჩია.
ფერგიუსონს ხშირად აქვს საჯარო გამოსვლები, ატარებს ლექციებს და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე წიგნიც კი დაწერა.
ახლა კროსვორდებს ვავსებ, ბევრს ვმღერი და ვკითხულობ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სოფელში გადავედი, მაგრამ იქ სწრაფად მომბეზრდა ჯდომა და ტელევიზორის ყურება, ამიტომ სამოგზაუროდ წავედი და საუდის არაბეთში, ჰონგ-კონგსა და ბაჰრეინში ვიყავი“, - თქვა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ფერგიუსონმა.