მბაპემ პარი სენ-ჟერმენს სასამართლო დავა მოუგო
„რეალის“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, „პსჟ“-სთან ხელფასის დავალიანების საქმე მოიგო.
2024 წლის სექტემბერში საფრანგეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ (LFP) პარიზულ კლუბს დაავალა, ფორვარდისთვის, რომელიც „რეალში“ უფასოდ გადავიდა, დავალიანების სახით 55 მილიონი ევრო გადაეხადა (ხელფასები და ბონუსები). მოგვიანებით, მბაპემ ამ თანხის გადაუხდელობის ფაქტზე LFP-ის სადისციპლინო კომიტეტს მიმართა, თუმცა მიმართვა უარყვეს, რადგან კლუბმა LFP-ის წინააღმდეგ პარიზის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ფინანსური მოთხოვნების გარდა, მბაპემ კლუბის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოც. მან „პსჟ“ 2023 წელს ახალი კონტრაქტის ხელმოწერის იძულებაში დაადანაშაულა, იმ პერიოდში კილიანი ძირითად შემადგენლობასთან დროებით ჩამოაშორეს კიდეც. ბოლო მონაცემებით, კილიანი კლუბისგან 253 მილიონ ევროს ითხოვდა, ხოლო „პსჟ“ ყოფილი მოთამაშისგან – 440 მილიონ ევროს.
დღეს, პარიზის შრომითი დავების სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მბაპეს სასარგებლოდ: „პსჟ“-მ მას დაახლოებით 61 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს (შვებულების კომპენსაციის ჩათვლით). „პსჟ“-ს მოთხოვნები ყოფილი მოთამაშის მიმართ სრულად იქნა უარყოფილი.
კლუბი ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში სასამართლოს სრული გადაწყვეტილება საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს. პარიზელებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ.