ამ ფინალის მნიშვნელობას ვაცნობიერებთ | ენრიკე ფლამენგოსთან მატჩის წინ
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ კოპა ლიბერტადორესის თასის მფლობელს, ბრაზილიურ „ფლამენგოს'' დაუპირისპირდება. მატჩის წინ პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
პსჟ შესაძლოა პირველი ფრანგული კლუბი გახდეს, რომელიც საკონტინენტთაშორისო თასს მოიგებს. ამასთან დაკავშირებით ენრიკე ამბობს: „ეს სტატისტიკა არ ვიცოდი. ვფიქრობ, ამ ფინალის სათამაშოდ ცოტა შანსი არსებობს. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მატჩის მნიშვნელობას, სასიამოვნოა ამ ფინალში თამაში, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მოხარულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით.“
ლუის ენრიკე 2024 წლის ბოლოდან დღემდე განვლილი პერიოდის შესახებ: „გასული სეზონიდან ძალიან დადებითი მოგონებები დაგვრჩა. ამჟამად იმაზე ვფიქრობ, რომ შევინარჩუნოთ ის უწყვეტობა, რაც გასულ სეზონში ვიხილეთ. დადგა ამ ფინალის დრო, რაც ჩვენთვის, როგორც გუნდისა და კლუბისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ქომაგებისთვისაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ასეთი ფინალის თამაში ადვილი არაა’’.
ლუის ენრიკე სეზონის დასაწყისში პსჟ-ის დაღლილობის შესახებ: „რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვაჩვენეთ, ეს არის მსგავსი სიტუაციების დაძლევის უნარი. კალენდართან დაკავშირებით გარანტიას ვერაფერზე მოგცემთ. თუმცა, შესვენება და არდადეგების ოჯახთან ერთად გატარება სასარგებლო იქნება. ეს დრო 2026 წლამდე უნდა გამოვიყენოთ, რადგან ყველა ტურნირზე მნიშვნელოვანი მომენტები გველის.“
ლუის ენრიკე კატარის სტადიონებზე არსებული ატმოსფეროს შესახებ: „მახსოვს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ეროვნულ ნაკრებთან ერთად. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით. ვეცდებით, ფინალი მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ. ვიცით, რომ „ფლამენგო“ ძალიან კარგი გუნდია.“
2024 წლიდან მოყოლებული „ფლამენგოს'' მთავარი მწვრთნელი ფილიპე ლუისია, მისი ხელმძღვანელობით 2024 წელს „ფლამენგომ'' ლიბერტადორესის თასი მოიგო.
პსჟ - „ფლამენგოს'' ფინალი 17 დეკემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩი დოჰაში, აჰმად ბინ ალის სახელობის სტადიონზე გაიმართება.