ლოჩოშვილი თავის გუნდში საუკეთესო იყო | კლოზეს ნდობა და BILD-ის შეფასება
ბუნდესლიგა 2-ის მე-16 ტურში ჩემპიონატის ლიდერმა „შალკემ’’ შინ „ნიურნბერგს’’ 1:0 მოუგო. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. თავის გუნდში საუკეთესო იყო, რაც BILD-მაც აღნიშნა.
BILD: „ქართველი „შალკესთან“ მატჩში ნიურნბერგელთაგან საუკეთესო იყო. დაცვაში ძალიან კონცენტრირებულად ითამაშა. სულ ცოტა დააკლდა, რომ თავისი კარგი თამაში სეზონში მეორე გოლით დაეგვირგვინებინა. როგორც „ნიურნბერგის“ ყველაზე სახიფათო მოთამაშე შეტევაში, ის ორჯერ დაუპირისპირდა „შალკეს“ მეკარე კარიუსს, თუმცა გატანა ვერ შეძლო''.
BILD-მა ლოჩოშვილს 2 დაუწერა, რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა. უმაღლესი შეფასებაა 1, რასაც ფეხბურთელებს იშვიათად უწერენ. ლუკამ თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
კლოზეს ლოჩოშვილი იმდენად მოწონს, რომ კაპიტანი რობინ კნოხე სკამზე დასვა და მუდმივად ქართველს ათამაშებს. ოქტომბრის მიწურულს გერმანელ სპეციალისტს ამ თემაზე ჰკითხეს, რაზეც მიროსლავის პასუხი ასეთი იყო: : „ვიცით კნოხეს შესაძლებლობები, თუ რა შეუძლია გუნდს მოუტანოს, მაგრამ ახლა მის წინ ორი ფეხბურთელია, ფაბიო გრუბერი და ლუკა ლოჩოშვილი. ისინი უბრალოდ მასზე უკეთესები არიან და ეს ფაქტია’’.
„ნიურნბერგის'' მთავარი მწვრთნელი მიროსლავ კლოზე და ლუკა ლოჩოშვილი „შალკესთან'' მარცხის შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ცენტრალური მცველი „ნიურნბერგს’’ გასულ ზაფხულში შეუერთდა, გუნდთან კარგად ადაპტირდა, ერთ-ერთი საუკეთესოა, „შალკესთან’’ მატჩამდე „ფიურტს’’ გაუტანა, მისი სადებიუტო გოლია გერმანულ კლუბში.
მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილმა ბუნდესლიგა 2-ში 15 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში, მხოლოდ ერთხელ შეცვალეს, სულ 1330 წუთი ითამაშა), მის აქტივში გოლი („ფიურტთან’’) და საგოლე პასია („კაიზერთან’’).
18-გუნდიან ბუნდესლიგა 2-ში „ნიურნბერგი’’ 19 ქულით მე-11 ადგილზეა. მე-19 ტურში, 21 დეკემბერს მეხუთეადგილოსან „ჰანოვერს’’ მიიღებს.