უკვე მეორედ: მათე ისაკაძე ირლანდიის ნაკრებში (U15) გამოიძახეს
ირლანდიის 15-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ დონოჰიმ ქართველი ფეხბურთელი მათე ისაკაძე შეკრებაზე მეორედ მიიწვია. „შემროკ როვერსის’’ ნახევარმცველი პირველად შეკრებაზე ოქტომბერში მიიწვიეს, მათემ ესპანეთთან ორივე ამხანაგურ მატჩში ითამაშა, პირველი მატჩი სასტარტოდან დაიწყო და გუნდის კაპიტანი იყო.
ამჯერად, ირლანდიის 15-წლამდე ნაკრები ლისაბონში განვითარების თასზე პორტუგალიასთან (17 დეკემბერი), უკრაინასთან (19 დეკემბერი) და საბერძნეთთან (22 დეკემბერი) ითამაშებს.
მათეს შესახებ ოქტომბერშიც დავწერე. 2011 წლის 20 მაისს ირლანდიაში დაიბადა, 14 წლისაა. 1,72 მ. სიმაღლის ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს, 2024 წლის მაისიდან „შემროკ როვერსის’’ აკადემიის ფეხბურთელია. მათეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოსი და ირლანდიის. ქართულ და ინგლისურ ენებზე საუბრობს.
ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებში მიწვევის მიუხედავად ფეხბურთელს სამომავლოდ ნაკრების შეცვლა შეუძლია. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ მასზე ინფორმაციის მოწოდება. პერიოდულად მათესთან დაკავშირებით, მისი კარიერული სიახლეების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი დრიბლინგით, კარგი პასითა და მოედნის ხედვით გამოირჩევა. მათეს თამაშის გამორჩეულ მომენტებს გთავაზობთ.