ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

„პერესი ესპანური ფეხბურთის რეპუტაციას აზიანებს“ - ესპანეთის მსაჯთა ასოციაცია

ესპანეთის მსაჯთა ასოციაციამ „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის, მსაჯთა კორპუსში კორუფციის შესახებ განცხადებებზე რეაგირება მოახდინა.

მანამდე პერესმა, „ნეგრეირას საქმეზე“ მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას, განაცხადა:

„სრულიად გაუგებარია, რატომ დატოვეს ოფიციალურმა ორგანოებმა რეალი მარტო ამ ბრძოლაში. როგორ შეგვიძლია დავივიწყოთ ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სკანდალი? როგორ შეიძლება RFEF (ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაცია) და ლა ლიგა ასე იქცეოდნენ?“

ასევე, „რეალის“ პრეზიდენტმა გააკრიტიკა არბიტრი პაბლო გონსალეს ფუერტესი, რომელიც ლა ლიგის ბოლო ტურში „ალავესთან“ მატჩში VAR-ზე იყო პასუხისმგებელი:

„ის იმუქრებოდა რეალის წინააღმდეგ ზომების მიღებას თასის ფინალის წინა დღეს. და აი, ვინისიუსზე და როდრიგოზე დაჯარიმების შემდეგ პენალტი არ ინიშნება“.

AESAF-მა პერესს მალევე უპასუხა და ოფიციალური განცხადება გააკეთა:

„ესპანეთის ფეხბურთის მსაჯთა ასოციაცია (AESAF) არ ეთანხმება მადრიდის რეალის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებს, იმ სერიოზული ზიანის გამო, რომელსაც მსგავსი გამონათქვამები აყენებს მსაჯთა საზოგადოებისა და ესპანური ფეხბურთის რეპუტაციას.

ესპანეთის მსაჯთა საზოგადოება მოქმედებს დამოუკიდებლად, მკაცრად და პროფესიონალურად, ის არ არის რომელიმე სქემის ან გარიგების ნაწილი კლუბების ან ოფიციალური პირების ინტერესების სასარგებლოდ.

ეგრეთწოდებულ „ნეგრეირას საქმეში“ გამოძიებას არც ერთი მსაჯი არ მიუცია პასუხისგებაში. ჩვენ ვერ დავეთანხმებით მსაჯების მიმართ კორუფციის ბრალდებებს. მსაჯების მიმართ განზოგადებული ბრალდებები არამართლზომიერ ზიანს აყენებს პროფესიონალების რეპუტაციას, რომლებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს მაქსიმალური წნეხისა და მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლის პირობებში, და ძირს უთხრის თვითონ შეჯიბრის პატიოსნებასაც.

ჩვენ გვესმის, რომ მსაჯობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სპორტული შედეგების გასამართლებელი საშუალება. ფეხბურთში მოგება და წაგება მოედანზე ხდება.

AESAF გამოხატავს მხარდაჭერას პაბლო გონსალეს ფუერტესის და ესპანეთის ყველა მსაჯის მიმართ, ვისი პროფესიული და პირადი შრომაც იმსახურებს პატივისცემას ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, მოახდინონ თავდასხმების პერსონიფიცირება ან სრულიად უსაფუძვლოდ საჯაროდ ჩამოართვან მსაჯებს ლეგიტიმაცია.

გვსურს განვაცხადოთ, რომ მუქარის ბრალდება 2024/25 სეზონის ესპანეთის თასის ფინალისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე არ შეესაბამება სინამდვილეს და არის, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუე,“

– ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები