ნაკრების ახალი კაპიტანი კვარაცხელია იქნება | კიტეიშვილი ვიცე-კაპიტანია
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ივნისში დაასრულებს. ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა Instagram-ში სიახლე გვამცნო, რომლის მიხედვით ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ვიცე-კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი.
გასულ წელს ხვიჩამ ეროვნულ ნაკრებს სამ შეხვედრაში უკაპიტნა: შინ ბულგარეთთან, სტუმრად თურქეთთან და შინ ესპანეთთან. კაშია ამ შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ოთარ კიტეიშვილმა ნაკრებს ერთხელ უკაპიტნა, გასულ წელს სომხეთთან სტუმრად მოგებულ მატჩში. აღნიშნული თამაში კაშიამ და კვარაცხელიამ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.
შეგახსენებთ, გურამ კაშიას ნაკრებიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე დადასტურდა.ვილი სანიოლმა გურამთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა: "გურამ კაშია მონუმენტური ფიგურაა ქართული ფეხბურთისთვის. ზოგადად, ახალი კაპიტნის არჩევა იოლი გადაწყვეტილება არაა, თუმცა ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ, ჩემთვის ძალიან მარტივი გადასაწყვეტი იყო, თუ ვინ გახდებოდა ნაკრების ახალი კაპიტანი.
გურამთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ძალიან ბევრი გვისაუბრია როგორც ფეხბურთზე, ისე ზოგადად ცხოვრებაზე. ჩემი სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო მას. ძალიან სასიამოვნო იყო გურამთან ერთად მუშაობა. როდესაც ცხოვრების ერთი ნაწილი სრულდება, აუცილებლად იწყება რაღაც ახალი. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს მომავალში".