ლუკა ლოჩოშვილი, მიროსლავ კლოზე
Aa
Aa

ლუკას წინააღმდეგ თამაში არ მომინდებოდა | კლოზემ ლოჩო შეაქო და BILD-მა სტატია მიუძღვნა

Kicker-მა ბუნდესლიგა 2-ის 27-ე ტურის სიმბოლურ გუნდში ლუკა ლოჩოშვილი შეიყვანა, რომელმაც კაიზერთან დუბლი შეასრულა. ქართველი მცველის კარიერაში გამორჩეული მატჩი იყო, ერთ მატჩში 2 გოლი პირველად გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი შეასრულა (3:0).

BILD-მა ლუკას ბრწყინვალე თამაშს ვრცელი სტატია მიუძღვნა.

ცენტრალური მცველის პოზიციიდან გატანილი ორი გოლი, თამაშიდან სრულად გამოთიშული გერმანიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მერგიმ ბერიშა და მოედანზე დატოვებული უდიდესი ენერგია — 27 წლის ლუკა ლოჩოშვილი კაიზერსლაუტერნთან მოგებულ მატჩში უდავო გმირი იყო. სწორედ მისი დაცვითი სამუშაოს დამსახურებაა, რომ ფრანკონიელებმა ნოემბრის შემდეგ პირველად შეძლეს კარის მშრალად შენახვა. შეტევაში კი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველისთვის ეს თამაში ერთგვარი მოგზაურობა იყო საკუთარ წარსულში.

ლოჩოშვილმა, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლია, ღიმილით აღნიშნა: "როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ხშირად ვთამაშობდი თავდამსხმელად. ახლაც ასე გამოვიდა პროფესიონალურ დონეზე, თუმცა აქამდე ერთ თამაშში ორი გოლი არასდროს გამიტანია. შესაბამისად, ძალიან ბედნიერი ვარ და ამისთვის მთელ გუნდს ვუხდი მადლობას."

გუნდში ცენტრალური მცველის ხშირ შეტევით აქტივობებს ყველა ერთნაირი აღფრთოვანებით არ ხვდება. კლუბის მთავარი მწვრთნელი, მიროსლავ კლოზე (47 წლის), ამ საკითხზე ორჭოფობს: "ლუკას გამო უზომოდ ბედნიერი ვარ, მაგრამ როდესაც ის დრიბლინგს იწყებს, ზოგჯერ მირჩევნია, რომ ბურთი თანაგუნდელს გადასცეს და თავის პოზიციაზე დარჩეს."

ამავდროულად, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი აღიარებს, რომ ძალიან უხარია, მისი საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებული რომ არის: "თავდამსხმელი რომ ვიყო, მის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად არ მომინდებოდა. ლუკა მომენტს საოცრად არჩევს როგორც ჰაერში, ასევე მინდორზე. ის ყოველთვის სწორ მომენტში აყენებს სხეულს ან იყენებს ხელს."

ლოჩოშვილი მეორე ბუნდესლიგისთვის საშუალოზე ბევრად მაღალი დონის მოთამაშეა. სწორედ ამიტომ, ის უკვე დიდი ხანია არაერთი პირველლიგელის ინტერესთა სფეროშია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, ქართველმა მცველმა შაბათს ზაფხულში შესაძლო ტრანსფერი არ გამორიცხა.

შესაძლო წასვლაზე ლოჩოშვილმა განაცხადა: "არ ვიცი. მიყვარს გულშემატკივრები და ყველა ის ადამიანი, ვინც აქ მუშაობს, ამიტომ აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ამჟამად კონცენტრირებული ვარ, რომ სეზონის ბოლომდე მაქსიმუმი გავიღო და კარგი შედეგი ვაჩვენოთ."

და რა იქნება შემდეგ? ეს ქართველმა ღიად დატოვა. ამასთან დაკავშირებით კლოზემ აღნიშნა: "ეს რომ მცოდნოდა, თამაშის შემდეგ სხვანაირად დავემშვიდობებოდი. მაგრამ დიახ, ამ თემაზე მასთან აუცილებლად მექნება საუბარი, როდესაც ის სანაკრებო შეკრებიდან დაბრუნდება."

ლუკა ლოჩოშვილმა ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი პრემიერ ლიგიდან | მიქაუტაძისთვის შეთავაზებას ამზადებენ?
ინტერესი პრემიერ ლიგიდან | მიქაუტაძისთვის შეთავაზებას ამზადებენ?