ლოჩოშვილის სუპერმატჩი - ქართველი მცველის დუბლი და MVP-ის პრიზი
ლუკა ლოჩოშვილი კარიერაში უდავოდ საუკეთესო სეზონს ატარებს - „ნიურნბერგის“ 27 წლის ქართველი ცენტრალური მცველი თუ აქამდე დაკისრებული მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებით გამოირჩეოდა, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურში შეტევაში სუპერპროდუქტიული თამაშითაც გამოიჩინა თავი და „კაიზერსლაუტერნის“ საკუთარ სტადიონზე 3:0 დამარცხებაში ბავარიულ კლუბს ორი ბურთით დაეხმარა.
ანგარიში ლუკამ მეორე წუთზე გახსნა, როდესაც იულიან იუსტვანის მიერ მოწოდებული კუთხურისას საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და „ნიურნბერგი“ დააწინაურა. ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის მსგავსად, ლოჩოშვილმაც გოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.
ლოჩოშვილმა დუბლი ისევ კუთხურის შედეგად შეასრულა, თუმცა ამჯერად მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - მაღალ ჩაწოდებას სტუმართა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, სადაც სიტუაციაში ყველაზე კარგად ქართველი მცველი გაერკვა, ბურთი კარგად დაამუშავა და გამოცდილი ფორვარდივით აიღო „კაიზერსლაუტერნის“ კარი.
ლუკამ ათბალიანი სისტემით 9.1 მეათედი შეფასება მიიღო და მატჩის MVP სრულიად დამსახურებულად გახდა. მან კარისკენ სამჯერ დაარტყა, საიდანაც ორი გოლით დაასრულა, პასები 71-პროცენტიანი (24-დან 17) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 38-ჯერ შეეხო და სახიფათო მომენტი სამჯერ განმუხტა.
ცნობისათვის, 27 ტურში დაგროვებული 36 ქულით „ნიურნბერგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბავარიელები სანაკრებო პაუზის შემდეგ, 5 აპრილს, სტუმრად „ბრაუნშვაიგთან“ გამართავენ.