გოლი, საგოლე გადაცემა და მომენტები | მიქაუტაძე სოსიედადთან მატჩის MVP გახდა
ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საშინაო მოედანზე „სოსიედადს“ დაუპირისპირდა. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მატჩის ბედი პრაქტიკულად საწყის 25 წუთში გადაწყვიტა, რომლის გასვლის შემდეგაც 3:0-ს იგებდა, საბოლოოდ კი 3:1 იმარჯვა.
მიქაუტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 89 წუთი ითამაშა და მე-15 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი სიტუაციით ისარგებლა, ბასკთა მეკარეს დაასწრო და „სოსიედადის“ კარი აიღო. მანამდე მასპინძლები ხერარდ მორენომ დააწინაურა.
მიქაუტაძემ გატანილი გოლი არ აღნიშნა და ის ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა. 21-ე წუთზე „ვილიარეალის“ თავდამსხმელს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ დუბლი ვერ შეასრულა.
23-ე წუთზე მიქაუტაძემ საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი პასი ნიკოლა პეპემ გამოიყენა და „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ სასარგებლოდ 3:0 დააფიქსირა.
მეორე ტაიმის სტარტზე „სოსიედადმა“ ჩამორჩენა შეამცირა და „ვილიარეალს“ ლუკა სუჩიჩმა გაუტანა. რაც შეეხება მიქაუტაძეს, ის დუბლთან ძალიან ახლოს იყო. 73-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მარცხენა ფეხით ოდნავ არაზუსტად დაარტყა, 77-ე წუთზე მეკარემ აჯობა, 3 წუთში კი კარს მცირე მანძილით ააცილა. გიორგი 89-ე წუთზე შეცვალეს და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ცნობისთვის, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე 9 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. მის „ვილიარეალს“ 58 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება.
გიორგი მიქაუტაძის მომენტები