ჰაკიმი უკან რეალში? - ესპანელი ჟურნალისტის ექსკლუზივი
ესპანელი ჟურნალისტი რამონ ალვარეს დე მონი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. RADIO MARCA-ს წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშრაფ ჰაკიმის მადრიდის რეალში დაბრუნება სურს.
ალვარესის ცნობით, მაროკოელი ფეხბურთელი ბლანკოსში დასაბრუნებლად აქტიურ ნაბიჯებსაც განიხილავს.
მისი მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდეა გაფორმებული, რაც ტრანსფერს საკმაოდ ართულებს. თუმცა ბოლო პერიოდში „რეალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა, რაც თეორიულად შესაძლო მოლაპარაკებების შანსს ზრდის.
????Achraf desea regresar al Real Madrid y está dispuesto a moverse para ello.
— Ramón Álvarez de Mon (@Ramon_AlvarezMM) March 24, 2026
Su contrato hasta 2029 hacen muy complicada la operación, pero la relación entre el Real Madrid y el PSG ha mejorado en los últimos tiempos. pic.twitter.com/7YDOBECAw1
არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელიც შედარებით არაპროფესიონალურია. აშრაფი და კილიან მბაპე ახლო მეგობრები არიან და თუ ესპანელ ჟურნალისტს დავუჯერებთ, ჰაკიმის თავისი მეგობარი ძალიან ენატრება და მასთან ერთად სურს თამაში.
ამის პარალელურად, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული საკუთარი ვარსკვლავის გაშვებას არ გეგმავს, მაგრამ საქმე, თუ იქამდე მივა, რომ გუნდიდან წასვლას თავად ჰაკიმი მოითხოვს, შესაძლოა პსჟ-მ მიდგომა შეცვალოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პარი სენ ჟერმენის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაში ჰაკიმიმ უდიდესი როლი ითამაშა. მას იმდენად კარგი სეზონი ჰქონდა, რომ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა.
ასევე შეგახსენებთ, მაროკოელი მარჯვენა მცველი მადრიდის რეალის საკუთრებაში 2016/2020 წლებში იმყოფებოდა. ამ პერიოდში ის იჯარის წესით დორტმუნდშიც თამაშობდა. ბლანკოსის შემადგენლობაში, ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.