„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია Ligue 1+-ის გადაცემის სტუმარი იყო. „ნაპოლის“ ექს-დამრიგებელს ქართველი ფეხბურთელის შესახებ ჰკითხეს და გარსიამ „კვარა“ შეაქო.
შეკითხვა: „როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას მსგავს ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, აშკარაა, რომ ლუის ენრიკეს რაღაც გამოსდის. მან მოახერხა და ქართველ გარემარბს დაცვაში აქტიურად ათამაშებს, რასაც „ნაპოლიში“, როდესაც ბატონი რუდი გარსია მთავარი მწვრთნელი იყო, ის ხშირად არ აკეთებდა.“
„მას დრო სჭირდებოდა, რათა ბოლომდე გადაეხარშა ის, რაც წინა სეზონში მოხდა. ჩემ მისვლამდე ისინი იტალიის ჩემპიონები გახდნენ და მივიღეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც უეცრად აფეთქდა და სკუდეტო მოიგო. მას დრო სჭირდებოდა, რათა ყველაფერი გადაეხარშა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ფანტასტიკური ფეხბურთელია.
პირადად მე მქონდა შესაძლებლობა, კვარაცხელიას პარიზში გადასვლამდე ჩემი აზრი დამეფიქსირებინა და, გულწრფელად რომ ვთქვა, „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ხვიჩა მხოლოდ მაღალი დონის ტრანსფერი შეიძლებოდა ყოფილიყო. და ეს მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს შეტევაში ტალანტები არ აკლია და დუე, ბარკოლა და ოქროს ბურთის მფლობელი უსმან დემბელე ჰყავს.“
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნიცა“ 4:0 დაამარცხა. ქართველ ფეხბურთელს პირველ ტაიმში ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლო. პირველ ორ მომენტში მას მეკარემ აჯობა, ხოლო მესამე ეპიზოდში მისი დარტყმა ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა.