„ეს ვარიანტი უნდა გაითვალისწინონ“ | ჩელსის მამარდაშვილის ტრანსფერი ურჩიეს
ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურში „ჩელსი“ სტუმრად „ევერტონს“ დაუპირისპირდა. „არისტოკრატებმა“ „კანფეტების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს და 0:3 დამარცხდნენ. „ლურჯებმა“, ყველა ტურნირის ფარგლებში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგეს და რთული პერიოდი უდგათ.
„ევერტონის“ მეორე გოლი „სტემფორდ ბრიჯელთა“ მეკარის, რობერტ სანჩესის შეცდომის შემდეგ გავიდა. „კანფეტებთან“ მატჩისა და სანჩესის შეცდომის შემდეგ ლონდონურმა გამოცემამ, The Chelsea Chronicle-მა „არისტოკრატებს“ სამი მეკარე ურჩია, რომლებიც გუნდს აუცილებლად გააძლიერებენ და ერთ-ერთი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ.
„ლივერპულის მეკარემ ალისონ ბეკერი ძირითადი შემადგენლობიდან ვერ ამოაგდო და რამდენიმე კლუბის ყურადღების ცენტრშია. მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში, წითლების მაისურით ყოველთვის დამაჯერებელი არ ყოფილა, მაგრამ ვალენსიაში, სადაც პირველი გოლკიპერი იყო, ბრწყინვალე გახლდათ. გიორგი ნამდვილად არის ვარიანტი, რომელიც ჩელსიმ უნდა გაითვალისწინოს,“ — წერს The Chelsea Chronicle.
საინტერესოა, რომ ქართველი მეკარის გარდა, „არისტოკრატებს“ ბარტ ვერბრუგენი და რობინ როფსი ურჩიეს. ეს უკანასკნელი „სანდერლენდის“ ღირსებას იცავს, ვერბრუგენი კი „ბრაიტონში“ ასპარეზობს.