უკმაყოფილო სანდრო და სკოტი ბარნსის მხარდაჭერა | ტორონტომ ფინიქსთან წააგო
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. „დენვერ ნაგეთსის“ შემდეგ ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა — 98:120.
მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. სანდრომ პარკეტზე 17 წუთი და 46 წამი გაატარა და მისი მონაგარი 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო. „მამუმ“ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი გააფუჭა და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.
მეოთხე მეოთხედში, როდესაც სანდრო პარკეტიდან გაიყვანეს, ის საკუთარი თამაშით უკმაყოფილო იყო, რაც ეტყობოდა კიდეც და მას „რეპტორსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სკოტი ბარნსი გაესაუბრა. მატჩის შემდეგ ბარნსს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს და „ტორონტოს“ კალათბურთელმა აღნიშნა, რომ „მამუ“ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
„სანდროს ვუთხარი, თავი მაღლა აეწია. უნდა იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანი კალათბურთელია ჩვენთვის. უბრალოდ საკუთარი რიტმი უნდა იპოვოს. თავისი სროლით, მეტოქის დაცვის გაწელვის უნარით, პიკ ენდ როლების შემდეგ სამწამიანში შესვლითა და სწრაფ შეტევებში თამაშის მხრივ, სანდრო ტორონტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი კალათბურთელია. ძალიან კარგი მოთამაშეა და სწორედ ეს შევახსენე.“
ცნობისთვის, „ტორონტოს“ 39 მოგება და 31 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე პოზიციას იკავებს. „რეპტორსის“ მომდევნო მეტოქე „იუტა ჯაზია“, რომელსაც 24 მარტს დაუპირისპირდება.