„მას შემდეგ მთავარ გუნდთან აღარ მივარჯიშია“ - გულიაშვილის თანაგუნდელი კრიშტიანუზე
კრიშტიანუ რონალდუ რამდენად დიდი მნიშვნელობის ფიგურა იყო „რეალში“ და როგორი ავტორიტეტით სარგებლობდა, ამაზე საუბარი ზედმეტია. პორტუგალიელმა ლეგენდამ სამეფო კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და ვარჯიშებზე მის წინაღმდეგ უხეშობას აბსოლუტურად ყველა თანაგუნდელი ერიდებოდა. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, იყო ერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც კრიშტიანუ მძიმე ტრავმის მიღებას გადაურჩა. ეპიზოდის „მთავარი გმირი“ კი „კასტილიას“ წევრი მანუ ერნანდო გახლდათ, რომელიც ახლა სანტანდერის „რასინგში“ გიორგი გულიაშვილის თანაგუნდელია და რონალდუსთან დაკავშირებული ისტორია ასე გაიხსენა:
„კრიშტიანუს შემთხვევით ჩავარტყი, ამის გაკეთება ნამდვილად არ მინდოდა. ბურთზე თამაში დამასწრო და ჩემი ფეხი მას აქილევსის მყესში მოხვდა. მაშინვე ვიფიქრე, რომ სერიოზულ გაუგებრობაში აღმოვჩნდი და საბედნიეროდ, რონალდუ მძიმე ტრავმის მიღებას სასწაულებრივად გადაურჩა. იმ დღის შემდეგ მთავარ გუნდთან ერთად აღარ მივარჯიშია“.
სხვათა შორის, მანუ ერნანდომ კიდევ ერთხელ უარყო მაშინ გავრცელებული ჭორები იმის თაობაზე თითქოს, ამ ეპიზოდის გამო „რეალის“ ხელმძღვანელებმა დასაჯეს და კლუბიდან მოკვეთეს. პირიქით, როგორც მანუ აცხადებს, პირველ გუნდში გადასვლის კანდიდატად მოიაზრებდნენ, უბრალოდ 2018 წლის ზაფხულში, წინასასეზონო მომზადების დროს სერიოზულად დაშავდა, რამაც მის კარიერულ წინსვლას დაღი დაასვა.