23 ქულა, კარიერის საუკეთესო შედეგი და +25 | მამუმ იუტასთან იფრინა
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. „დენვერთან“ და „ფინიქსთან“ წაგებული შეხვედრების შემდეგ „ტორონტო“ „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდა და შესანიშნავი თამაში აჩვენა. მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე კანადელები 29 ქულით იგებდნენ და საბოლოოდ 143:127 გაიმარჯვეს.
ქართველმა კალათბურთელმა, იაკობ პოელტლის ტრავმის გამო, მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. „მამუმ“ 32 წუთი და 13 წამი ითამაშა და 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 5 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. როდესაც სანდრო პარკეტზე იყო, „ტორონტომ“ „იუტაზე“ 25-ით მეტი ქულა ჩააგდო და ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ჯამალ შიდს (+29) და ჯაკობი უოლტერს (+27) ჰქონდათ.
მამუკელაშვილმა „ჯაზის“ კალათს შესანიშნავი პროცენტით შეუტია — 14-დან 9 ბურთი ჩააგდო. „მამუმ“ 8-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ქართველმა კალათბურთელმა პირადი რეკორდი დაამყარა და 5 ჩაჭრა კარიერაში პირველად დააგროვა.
„ტორონტოს“ რიგებში მამუკელაშვილზე მეტი ქულა მხოლოდ არ ჯეი ბარეტმა გაიფორმა — 27. სკოტი ბარნსმა მატჩი 20 ქულით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 7 მოხსნით დაასრულა. „იუტას“ მხრიდან ეის ბეილი გამოირჩა, რომელმაც 37 ქულა მიითვალა.
„ჯაზის“ დამარცხების შემდეგ „რეპტორსის“ ანგარიშზე 40 მოგება და 31 წაგებაა. კანადელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრას 26 მარტს, „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავენ.