The Guardian: „სხვა გუნდები ფიზიკურ ძალას ეყრდნობიან, პსჟ კი ტექნიკასა და უნივერსალურობას ენდობა“
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა პსჟ-ის სათამაშო ტაქტიკებსა და სტილს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც პარიზული გუნდის ბოლო თამაშებში გამოყენებული ტაქტიკები და ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებები დეტალურად არის განხილული. სტატიაში საუბარია ხვიჩა კვარაცხელიაზეც და ენრიკეს გუნდში მის როლზეც არის გასმული ხაზი.
რა წერია სტატიაში:
ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ „ნიცასთან“ მოპოვებულმა 4:0 გამარჯვებამ „აჩვენა, თუ სინამდვილეში როგორი გუნდია პსჟ“. მარცხენა გარემარბად მოთამაშე ნუნუ მენდეშით, „ცხრიანის“ პოზიციაზე გამწესებული ხვიჩა კვარაცხელიათი და ნახევარდაცვაში შემოწეული ლუკას ბერალდოთი, ეს ყველაფერი სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც აქამდე გვინახავს. თუმცა, საოცარია, მაგრამ ეს ტაქტიკა მაინც ძალიან ნაცნობად აღიქმებოდა.
თამაშის დინამიკაში ახალი არაფერი ყოფილა. პსჟ კვლავ განაგრძობდა პოზიციური მოქნილობის მაქსიმუმის გამოცდას, მაშინ როცა „ნიცა“ საკუთარი ხისტი დაცვის ლიმიტებს ცდიდა და იყენებდა ტაქტიკას, რასაც გუნდის ცენტრალურმა მცველმა, დანტემ, „გუნდური ბლოკი“ უწოდა. პსჟ-ის სწრაფმა და მწვავე შემტევმა სამეულმა — მენდეშის, კვარაცხელიასა და დეზირე დუეს შემადგენლობით — ტაქტიკურად აჯობა „ნიცას“ სამკაციან დაცვას, რომლის თითოეული წევრის სიმაღლეც 1.83 მეტრს აღემატება. იმ ფონზე, როცა ლიგა 1-ის დანარჩენი გუნდები ფიზიკურ ძალაზე აკეთებენ აქცენტს, პსჟ ტექნიკური თამაშისკენ იხრება, რამაც განაპირობა კიდეც ის, რომ „ალიანც რივიერაზე“ მხოლოდ ერთი გუნდის დომინაცია ვიხილეთ.
შუა კვირაში „ჩელსისთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ბევრი ითქვა პსჟ-ის ეგრეთ წოდებულ სიმხნევეზე, რაც „ნანტთან“ მატჩის საკამათო ვითარებაში გადადებამ განაპირობა. თუმცა, პსჟ-ის ნამდვილი ძალა ფიზიკურ ასპექტში სულაც არ მდგომარეობს — მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე თითო მატჩში დაფარული მანძილის მიხედვით ისინი მხოლოდ 28-ე ადგილზე არიან. გასულ სეზონში გუნდი ამ მხრივ მე-14 პოზიციას იკავებდა. პირველ ადგილზე კი „ინტერი“ იყო და ყველამ კარგად ვიცით, რითაც დასრულდა ეს ყველაფერი.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამო სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ჩავარდნისა და ამას მოყოლილი ტრავმების მცირე ეპიდემიის ფონზე, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ამ სეზონში ისინი მეტოქეებს ფიზიკურად ვერ დაჯაბნიდნენ. თუმცა, კონკურენციის გასაწევად სხვა გზებიც არსებობს. ამ მიზნის მისაღწევად კი ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის მატჩების ერთგვარ ლაბორატორიად გამოყენება დაიწყო.
მისი ყველა ტაქტიკური პროტოტიპი ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოჩნდება, თუმცა თითოეული ექსპერიმენტიდან ის რაღაც ახალს სწავლობს. მაგალითად, მენდეშს შეუძლია უფრო წინ ითამაშოს, რაც „ნიცასთან“ მისმა გოლმა და საგოლე გადაცემამაც დაამტკიცა; ბერალდოს კი ნახევარდაცვაში მოქმედება შეუძლია. „მოხარული ვარ, როცა ვხედავ ფეხბურთელს, რომელსაც ნახევარდაცვაში სათამაშოდ შესაბამისი ტექნიკური მონაცემები აქვს. ეს მართლაც დიდი სიურპრიზი იყო,“ — აღნიშნა ლუის ენრიკემ. მას შეუძლია ცდისა და შეცდომის ეს თამაში ლიგა 1-ში თითქმის ყოველგვარი რისკის გარეშე განაგრძოს, მიუხედავად იმისა, რომ „ლანსი“ სატურნირო ცხრილში კვლავ სახიფათოდ ახლოს რჩება.
ამ საცდელ ტაქტიკას თავისი ხარვეზებიც ჰქონდა. პირველი ტაიმის გარკვეულ ეპიზოდებში „ნიცა“ სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდა, პსჟ-მ კი ისეთი დიდი თავისუფალი ზონები დატოვა, რომელთა სათავისოდ გამოყენებაც მეტოქეს თავისუფლად შეეძლო. პსჟ-ის ნახევარმცველი სენი მაიულუ იძულებული გახდა, სახიფათო კონტრშეტევის ჩასაშლელად ტაქტიკური ჯარიმა აეღო, „ნიცას“ ფლანგის მცველს, ჯონათან კლაუსს კი მარჯვენა ფრთაზე თამაშის დასამწვავებლად ზედმეტად დიდი სივრცე მიეცა. შეტევაში ახლადმოპოვებული თავისუფლებით ზედმეტად აღფრთოვანებული მენდეში კი დაცვით ფუნქციებს სათანადო ყურადღებას აღარ აქცევდა.
ამის მიუხედავად, პსჟ-მ, რომელსაც ისეთი მოთამაშეები აკლდა, როგორებიც აშრაფ ჰაკიმი, ჟოაო ნევეში, ბრედლი ბარკოლა და ფაბიან რუისი არიან, მენდეშის მიერ გატანილი სადავო პენალტით ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე კი პორტუგალიელმა უკვე დუეს გაუკეთა საგოლე გადაცემა. პსჟ სიტუაციას სრულად აკონტროლებდა იმ დროისთვის, როცა მე-60 წუთზე ლი კან-ინზე უხეშობისთვის „ნიცას“ ცენტრალური ბლოკის საკვანძო ფიგურა, იუსუფ ნდაიშიმიე მოედნიდან გააძევეს. მატჩის მიწურულს ახალგაზრდა ვორენ ზაირ-ემერისა და დრო ფერნანდესის გატანილმა გოლებმა კი პარიზელთა დამაჯერებელ გამარჯვებას (4:0) საბოლოო წერტილი დაუსვა.
ლუის ენრიკემ, ამ შედეგის მთავარმა შემოქმედმა, განაცხადა, რომ ეს „იდეალური საღამო“ იყო. გასულ სეზონში ძირითადი შემადგენლობის უცვლელ მოთამაშეებს შორის ჩამოყალიბებულმა კავშირებმა გუნდის დომინაციას მყარი საფუძველი ჩაუყარა. სასტარტო თერთმეტეული თითქმის არ იცვლებოდა; ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპებზე ძირითადში მხოლოდ 13-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა ითამაშა, ვიტინიას, ნევეშისა და რუისის ნახევარდაცვის ტრიო კი საერთოდ ხელშეუხებელი დარჩა.
ამ სეზონში მსგავსი კავშირი არა ფეხბურთელების ერთმანეთთან შეთამაშებამ, არამედ სისტემის კარგად ცოდნამ განაპირობა. პსჟ-ში ახლა ინდივიდებზე ნაკლებად დამოკიდებული ეპოქაა, რაც მწვრთნელების მაღალ დონეზე მუშაობითა და კიდევ უფრო მაღალი დონის ტექნიკური პოტენციალის წყალობით გახდა შესაძლებელი. ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ მენდეშს, რომელიც ნომინალურად მარცხენა მცველია, „ცხრიანის“ პოზიციაზეც კი შეუძლია თამაში — ზუსტად ისე, როგორც ეს შაბათს კვარაცხელიამ გააკეთა. პარალელურად, მაიულუმ ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზის ყველა პოზიცია მოირგო, ზაირ-ემერიმ კი „ნიცას“ წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ითამაშა დაცვაში. სწორედ ასეთ ფეხბურთელებს ზრდის პსჟ-ის აკადემია: მათ აქვთ წარმოუდგენელი ტექნიკური მონაცემები, რაც პოზიციების მარტივად შეცვლასა და უნივერსალურობაში ეხმარებათ.
ამ უნივერსალურობასთან გამკლავების გზების მოძებნა „ჩელსისთვისაც“ ისეთივე რთული აღმოჩნდა, როგორც „ნიცასთვის“. „აქ საიდუმლო არაფერია, — განაცხადა დანტემ, — ბევრი როტაციაა და ბევრი ისეთი ფეხბურთელია, ვინც მჭიდრო სივრცეებში კარგად თამაშობს“.
გასულ კვირას „სტემფორდ ბრიჯზე“ მოპოვებული გამარჯვების (3:0) შემდეგ, კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ პსჟ-ს „ყველაფერი შეუძლია“, თუმცა უქმეებზე „ევერტონმა“ ისინი ზუსტად იგივე ანგარიშით დაამარცხა. შესაძლოა, არც „ნიცასთან“ 4:0 მოგება იყოს საუკეთესო მტკიცებულება, რადგან ამ თვის დასაწყისში მათ შინ „რენთან“ 4:0 წააგეს.
პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეოთხედფინალშია გასული, სადაც გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ დაუპირისპირდება, საფრანგეთის ლიგა 1-ში კი 60 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ლანსს“ 1 ქულით უსწრებს.