ჩამოსვლით გაგვახარა და იმედია საქართველოს აირჩევს | იაშვილი მათე ისაკაძეზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ქართულ მედიასთან მათე ისაკაძის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.
მათემ, რომელიც ირლანდიური შემროკ როვერსის ასაკობრივი გუნდის წევრია და გასულ წელს ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებს უკაპიტნა, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა და მაკედონიასთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა.
ალექსანდრე იაშვილი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 17-წლამდე ნაკრებთან ერთად იყო შეკრებაზე მათე ისაკაძე, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის 15-წლამდე ნაკრების კაპიტანია. ძალიან გვიხარია, რომ ჩამოვიდა და იმედი გვაქვს, მომავალში საქართველოს ნაკრებს აირჩევს.

შემდეგ შეკრებაზე ჩამოვა ნიურნბერგის 17-წლამდე გუნდის წევრი, რომელიც დედით ქართველია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს კონკურეციის ზრდას და ჩვენი ნაკრებების გაძლიერებას''.
მათე 2011 წლის 20 მაისს ირლანდიაში დაიბადა, 14 წლისაა. 1,72 მ. სიმაღლის ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს, 2024 წლის მაისიდან შემროკ როვერსის აკადემიის ფეხბურთელია. მათეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოსი და ირლანდიის. ქართულ და ინგლისურ ენებზე საუბრობს.
მათემ ირლანდიის 15-წლამდე ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა, ორ შეხვედრაში ესპანეთთან და ნიდერლანდებთან გუნდის კაპიტანი იყო.