ინტერესი პრემიერ ლიგიდან | მიქაუტაძისთვის შეთავაზებას ამზადებენ?
„ვილიარეალის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე, „ტოტენჰემს“ კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. „დეზების“ ინტერესის შესახებ ზამთარშიც იწერებოდა, თუმცა ლონდონელებს „ყვითელი წყალქვეშა ნავისთვის“ წინადადებით არ მიუმართავთ.
Fichajes-ის მიხედვით, მიქაუტაძის წარმატებულმა თამაშმა პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთი მათგანი სწორედ „ტოტენჰემია“ და „დეზები“ გიორგის შეტევის გაძლიერების იდეალურ კანდიდატად მიიჩნევენ.
Fichajes-ის ინფორმაციით, „ტოტენჰემი“ 60 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზებას ამზადებს და „ვილიარეალს“ ზაფხულში დაუკავშირდება. ოდნავ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტი, ეკრემ კონური. კონური ადასტურებს, რომ მიქაუტაძე „ტოტენჰემის“ რადარზე იმყოფება, მაგრამ აცხადებს, რომ ლონდონელები მზად არიან, დაახლოებით 35 მილიონი ევრო გადაიხადონ.
„ვილიარეალი“ მოლაპარაკებების დასაწყებად ღიაა და ამ ეტაპზე „ტოტენჰემის“ კონკურენტების ვინაობა არ სახელდება. ზამთარში დაიწერა, რომ „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს მიღება სურს. ეს თანხა კი პრემიერ ლიგის წარმომადგენლებისთვის გადაულახავი პრობლემა არ უნდა აღმოჩნდეს.