ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

“ოსიმენი საერთოდ არ ვარჯიშობდა, კვარა უკმაყოფილო იყო“ - კალცონამ ნაპოლის პერიოდი გაიხსენა

სლოვაკეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „ნაპოლიში“ მუშაობის პერიოდი გაიხსენა და კულისებში არსებული სერიოზული პრობლემების შესახებ ისაუბრა.

იტალიურმა კლუბმა 2023 წელს სკუდეტო მოიგო ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით, რომლის ასისტენტიც სწორედ კალცონა იყო. თუმცა იმავე ზაფხულში სამწვრთნელო შტაბმა კლუბი დატოვა — მათი აზრით, მიღწეული წარმატების გამეორება რთული იქნებოდა

„ნაპოლი“ ჩემს გულშია და ხვალვე დავბრუნდებოდი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე,“ — განაცხადა კალცონამ Radio Kiss Kiss-თან ინტერვიუში.

„ამ კლუბს უარი ვერავინ ვერ უნდა უთხრას — ჩემთვის ის სახლივითაა.“

თუმცა მისი თქმით, გუნდში დაბრუნებისას მძიმე სიტუაცია დახვდა — როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.

„მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა, რომ ბევრი უკვე ზაფხულში წასვლაზე ფიქრობდა, რაც გუნდზე დიდ გავლენას ახდენდა. ასევე არსებობდა პრობლემები კლუბსა და ფეხბურთელებს შორის — ბევრს უბრალოდ სეზონის დასრულება და წასვლა უნდოდა.“

კალცონას განცხადებით, სერიოზული პრობლემა იყო ახალი ტრანსფერებიც:

„ხუთი-ექვსი ახალი ფეხბურთელი, რომელიც დაემატა, იმ სეზონისთვის საჭირო დონეზე არ იყვნენ. საბოლოოდ ისინი პრაქტიკულად საერთოდ აღარ თამაშობდნენ.“

მისივე თქმით, გუნდში ზოგადი უკმაყოფილება და დაძაბულობა სუფევდა:

„ოსიმენი საერთოდ არ ვარჯიშობდა, კვარაცხელია უკმაყოფილო იყო… იმდენი პრობლემა იყო, რომ ყველაფრის ჩამოთვლასაც ვერ შევძლებ. ასეთ რთულ სიტუაციაში მუშაობას ნამდვილად არ ველოდი, თუმცა მაინც ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე.“

ვიქტორ ოსიმენს იმ დროისთვის ახალი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, თუმცა შეთანხმება ითვალისწინებდა მის ზაფხულში გაყიდვას. საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა და 2024 წლის სექტემბერში ნიგერიელი თავდამსხმელი „გალათასარაიში“ იჯარით გადავიდა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი ფეხბურთელიც აქტიურად ცდილობდა კლუბის დატოვებას, თუმცა „ნაპოლიმ“ მას წასვლის უფლება მხოლოდ 2025 წლის იანვარში მისცა, როცა ის „პარი სენ-ჟერმენს“ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის სუპერმატჩი - ქართველი მცველის დუბლი და MVP-ის პრიზი
ლოჩოშვილის სუპერმატჩი - ქართველი მცველის დუბლი და MVP-ის პრიზი