შენგელია რეალთან დაბრუნდა - კლასიკო მადრიდელებმა მოიგეს
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების 23-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბუნებრივია „ელ კლასიკო“ გახლდათ, რომელსაც კატალონიამ უმასპინძლა და ადგილობრივი „ბარსელონა“ „რეალთან“ 19-ქულიანი სხვაობით, 76:95 დამარცხდა. ტრავმით გამოწვეული რამდენიმემატჩიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა თორნიკე შენგელია, თუმცა „ბარსას“ ქართველ ლეგიონერს შედეგიანი მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია.
შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 15 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თოკომ ორიდან ორივე საჯარიმო ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან ჩაგდების ერთადერთი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ხოლო პერიმეტრიდან ძალები საერთოდ არ მოუსინჯავს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ორივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, 15 მოგებითა და 8 წაგებით „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები ევროლიგაში „ანადოლუ ეფესთან“ გამართავენ, რომელიც 24 მარტს, თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.