გასახდელში გააკრიტიკეს და საუკეთესო ფორმით უპასუხა | beIN Sports-ის ჟურნალისტი ზურიკოზე
საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში სენტ-ეტიენმა შინ ანესი 4:0 გაანადგურა. ამ გამარჯვების შემდეგ სენტ-ეტიენი 53 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ ტროას 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 4 აპრილს სენტ-ეტიენის მეტოქე სტუმრად ნანსი იქნება.
გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. პირველი გოლი მის აქტიურობას მოჰყვა, მე-18 წუთზე ზურიკოს ჩაწოდებით პედრომ თავით შეაგდო.
პირველი ტაიმის მიწურულს ზურიკომ 100-პროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. beIN Sports-ის ჟურნალისტისა და კომენტატორის, კლემან გრეზის ინფორმაციით, გასახდელში ზურიკოს მიმართ ამ მომენტის გამო უკმაყოფილება გამოითქვა, თუმცა მეორე ტაიმში შეცდომა ბრწყინვალე გოლით გამოასწორა.
გამოცემა But! Football Club-ი წერს:
„ეს არ იყო უბრალო აცილება სეზონის გადამწყვეტ ფაზაში. თითოეულ გოლს ოქროს ფასი აქვს. პარალელურად, უშუალო კონკურენტ ტრუას ბურთების უკეთესი შეფარდება ჰქონდა. დეტალია? სულაც არა. ეს ლიგა 2-ის საჩემპიონო რბოლაში შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.
ეს სცენა კარგად ასახავს იმ წნეხს, რომელიც სეზონის დასკვნით ნაწილს თან ახლავს. სენტ-ეტიენში მხოლოდ მოსაგებად არ თამაშობენ, მათ მეტოქის განადგურება სურთ. დავითაშვილის მიერ 4-0-ის ვერდაფიქსირება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. კლუბის შიგნით უკმაყოფილება რეალური იყო. გზავნილი ნათელია: ამ ბრძოლაში ოდნავ მოდუნებაც კი შეიძლება ძვირად დაგიჯდეს. და როგორც ჩანს, მთავარმა ადრესატმა ეს კარგად გაიგო.
რეაქცია აუცილებელი იყო და ის ბრწყინვალე გამოდგა. მეორე ტაიმში დავითაშვილი საჯარიმოში გაჩნდა და მარცხენა ფეხით ულამაზესი დარტყმა შეასრულა. სუფთა, ზუსტი და ცივსისხლიანი დაგვირგვინება. ამჯერად არანაირი ყოყმანი. ბურთი ბადეში აღმოჩნდა და ჟოფრუა-გიშარს ზეიმის საბაბი მიეცა. ანგარიში 4-0. მაგრამ რაც მთავარია, ეს სიმბოლური ჟესტი იყო.
ამ ულამაზესი გოლით სენტ-ეტიენი ბურთების შეფარდებით ტრუას გაუთანაბრდა: +21 28 ტურის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანაფარდობაა ბრძოლაში, სადაც ყველაფერი შეიძლება ერთმა დეტალმა გადაწყვიტოს. ეს გოლი სტატისტიკის უბრალო მაჩვენებელზე გაცილებით მეტს ნიშნავს: მან წაშალა იმედგაცრუება, დაამშვიდა ოდნავ გაღიზიანებული ხელმძღვანელები და სრულად აღადგინა გუნდის დინამიკა. გაკრიტიკებულმა დავითაშვილმა საუკეთესო ფორმით უპასუხა: მოედანზე''.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკომ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, ერთი მატჩი საფრანგეთის თასზე, ნიცას პენალტიდან შეუგდო. საერთო ჯამში, ამ სეზონში 25 შეხვედრაში 17 საგოლე მოქმედება დააგროვა.