რაზეც ცოტა ხნის წინ ვერცკი ვიოცნებებდით - ქართული დუელი ლიგის მეოთხედფინალში
სულ რამდენიმე წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ქართველი ფეხბურთელი სანატრელი გვყავდა, ახლა კი ისტორიული რეალობის წინაშე ვდგავართ - ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ლიდერები, გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებენ. თანაც, ისინი არა უბრალო კლუბების, არამედ ისეთი გრანდების ღირსებას იცავენ, როგორებიც „ლივერპული“ და „პარი სენ-ჟერმენია“. ბუნებრივია, არც ერთი ფეხბურთელის ტრავმა არ უნდა გაგიხარდეს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი გულშემატკივრის აბსოლუტურ უმრავლესობას ვარჯიშზე ალისონის დაშავება უზომოდ გაუხარდა, რადგან ეს იმის მომასწავებელი იყო, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მერსისაიდელების კარს მამარდაშვილი დაიცავდა.
წლევანდელ სეზონში გიორგის „ლივერპულის“ კარის დაცვა 12 შემთხვევაში ანდეს და სამწუხაროდ სახარბიელო სტატისტიკა არ აქვს, მაგრამ ამაში ბრალი ნაკლებად მიუძღვის, რადგან მისი თამაში კლუბის კრიზისულ პერიოდს დაემთხვა. თორმეტი მატჩიდან მამარდაშვილმა საკუთარი კარი მშრალად მხოლოდ სამჯერ, „გალათასარაისთან“ (0:1), „ასტონ ვილასთან“ (2:0) და „რეალთან“ (1:0) შეინახა, ხოლო „ლივერპული“ – „საუთჰემპტონის“ (2:1), „ჩელსი“ – „ლივერპულის“ (2:1), „ლივერპული“ – „მანჩესტერ იუნაიტედის“ (1:2), „აინტრახტი“ – „ლივერპულის“ (1:5), „ბრენტფორდი“ – „ლივერპულის“ (3:2), „მანჩესტერ სიტი“ – „ლივერპულის“ (3:0), „ლივერპული“ – „პსვ ეინდჰოვენის“ (1:4), „ლივერპული“ – „ბარნსლისა“ (4:1) და „გალათასარაი“ – „ლივერპულის“ (1:0) შეხვედრებში იგივეს გაკეთება ვეღარ შეძლო. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ თამაშებში გიორგის აშკარა შეცდომის შედეგად არც ერთი გოლი არ გასულა.
ყველა ტურნირზე გამართული 36 მატჩი, 12 გოლი, 7 საგოლე პასი - ასეთია ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარი „პარი სენ-ჟერმენში“ წლევანდელ სეზონში. თორმეტი ბურთიდან პსჟ-ის ქართველმა მეშვიდე ნომერმა შვიდი - ჩემპიონთა ლიგაში, ოთხი - საფრანგეთის ლიგა 1-ში და ერთიც ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოსთან“ გაიტანა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ხვიჩამ თითო ბურთით თავი „პსჟ“ - „ატალანტას“ (4:0), „ლევერკუზენი“ – „პსჟ“-ს (2:7), „სპორტინგი“ – „პსჟ“-ს (2:1) და „პსჟ“ – „მონაკოს“ (2:2) მატჩებში გამოიჩინა, ხოლო „პსჟ“ – „ჩელსის“ (5:2) შეხვედრაში ცვლილებაზე ჩართულმა დუბლი შეასრულა. რაც შეეხება ლიგა 1-ის გათამაშებას, „რენთან“ (4:0) კვარამ ორჯერ გაიტანა, ხოლო თითო გოლი მის აქტივში „ლიონი“ – „პსჟ“-ს (2:3) და „პსჟ“ – „მარსელის“ (5:0) თამაშებშია.
ცნობისათვის, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ამ გუნდებს შორის პირველი რაუნდი 8 აპრილს - პარიზში, საპასუხო მატჩი კი 14 აპრილს, ლივერპულში შედგება. ორივე თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.