ალისონმა ტრავმა მიიღო | რამდენ ხანს ვერ ითამაშებს ბრაზილიელი
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ლივერპულის“ მეკარე, ალისონ ბეკერი ტრავმირებულია. მის ნაცვლად, მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის, ეროვნულ ნაკრებში „კორინთიანსის“ გოლკიპერი ჰუგო სოუზა გამოიძახეს.
ფედერაციას არ დაუკონკრეტებია, რა სახის ტრავმა მიიღო ალისონმა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბრაზილიელმა მეკარემ დაზიანება „ლივერპულის“ დღევანდელ ვარჯიშზე მიიღო და ამის გამო ნაკრებს ვერ შეუერთდება.
მედიის ცნობით, ალისონს დაახლოებით ერთი თვის გამოტოვება მოუწევს. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, „ლივერპულის“ კარს უახლოეს მატჩებში დიდი ალბათობით გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
ამ პერიოდში „ლივერპულს“ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები ელოდება — „ბრაიტონთან“, „მანჩესტერ სიტისთან“, „პარი სენ-ჟერმენთან“, „ფულემთან“, კვლავ „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ევერტონთან“.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩი ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალია, ხოლო „პარი სენ-ჟერმენთან“ — ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი.