„კვარამ აზრი როთენსაც შეაცვლევინა“ - ფრანგული პრესა ხვიჩას კრიტიკოსებზე
ფრანგული გამოცემა Streetnsports-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქართველი ფეხბურთელის კრიტიკოსებიც კი დადუმდნენ.
„მონაკოსა“ და პსჟ-ს ყოფილი შემტევი, ჟერომ როთენი ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსად მუშაობს და საკმაოდ კრიტიკული სტილითაც გამოირჩევა, თუმცა „ჩელსისთან“ ხვიჩას სპექტაკლმა ისიც კი დაადუმა.
„ხვიჩა კვარაცხელიამ საჭირო მომენტში გაიბრწყინა და ამჯერად ჟერომ როთენი ამ თემას გვერდს ვეღარ უვლის. ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსის“ წინააღმდეგ „პსჟ“-ს დომინანტური გამოსვლის შემდეგ, პარიზელთა ყოფილმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ ქართველმა თავდამსხმელმა წლის დასაწყისთან დაკავშირებით მისი შეხედულებები შეცვალა.
„სტემფორდ ბრიჯზე“, სწორედ კვარაცხელიამ დააყენა თავისი გუნდი გამარჯვების გზაზე, რის შემდეგაც ბრედლი ბარკოლამ და სენი მაიულუმ საბოლოო წერტილი დასვეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველმა გარემარბმა ორივე შეხვედრაში ისეთი აქტიურობა და ინტენსივობა აჩვენა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმ ანალიტიკოსების აზრის შესაცვლელად, რომლებიც მანამდე მისი თამაშით მოხიბლულნი აშკარად არ იყვნენ. როთენის კომენტარები კი შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
როთენი აღიარებს, რომ კვარაცხელიამ მოუმატა. მან ეს პირდაპირ განაცხადა:
„როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება, მათ თვალები უელავთ. ისინი ჩემპიონთა ლიგის რეჟიმზე გადადიან და თითქოს ღილაკს აჭერენ. თუმცა, ყველა ეჭვი ჯერ კიდევ არ გაფანტულა. ინდივიდუალურად, მე მქონდა ეჭვები გარკვეულ მოთამაშეებთან დაკავშირებით, რომლებსაც, ჩემი აზრით, ბევრი რამ აკლდათ და პირველი ექვსი თვის განმავლობაში არაფერი უჩვენებიათ.
მე ვსაუბრობ კვარაცხელიას ინდივიდუალურ გამოსვლებზე, რომლებმაც ორივე მატჩში დამარწმუნა. თუ ის პირველ შეხვედრაში სათადარიგო იყო, ეს იმიტომ, რომ მის შესაძლებლობებში ეჭვი საკუთარ მწვრთნელსაც კი ეპარებოდა. თუმცა, მან ორივე მატჩში საკუთარი თავი სრულად გამოავლინა“.
- განაცხადა როთენმა
პარიზისთვის გზავნილი ნათელია, ისევე როგორც კვარაცხელიასთვის. რადგან, ანგარიშის მიღმა, სწორედ დიდი მატჩების ბედზე მისი მზარდი გავლენაა ის, რამაც შესაძლოა მისი სეზონის მსვლელობა შეცვალოს“.
- წერს ფრანგული გამოცემა.