„სრულ სიგიჟეს აკეთებენ“ - ენრიკე გააბრაზეს
დღეს, საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 27-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ნიცას“ დაუპირისპირდება და სწორედ ამ მატჩთან დაკავშირებით უნდა ელაპარაკა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკეს, თუმცა დედაქალაქური კლუბის ესპანელი დამრიგებელი სულ სხვა თემაზე იყო გაღიზიანებული და საუბრის ძირითადი დრო ლიგა 1-ის ხელმძღვანელების კრიტიკას დაუთმო, რისი ობიექტური საფუძველიც ნამდვილად ჰქონდა.
ლუის ენრიკე
ჩემი ფეხბურთელები სანაკრებო მატჩების შემდეგ კლუბში ხუთშაბათს ბრუნდებიან - პარასკევს, 3 აპრილს კი „ტულუზასთან“ საშინაო შეხვედრა ჩაგვინიშნეს. ეს უკვე სასწაული და სრული სიგიჟეა. თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში პსჟ-ის თითქმის ყველა მოთამაშეა გამოძახებული, რამდენიმე მათგანს კი ოთხშაბათს, ანუ „ტულუზასთან“ თამაშამდე ორი დღით ადრე, ამერიკის შეერთებულ შტატებში უწევს ასპარეზობა. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია.
ცნობისათვის, „ნიცა“ – „პსჟ“-ის თამაში დღეს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება, სანაკრებო ბატალიების შემდეგ კი „პსჟ“ – „ტულუზას“ მატჩი 3 აპრილს, თბილისის დროით სტარტს, 22:45 წუთზე აიღებს, რასაც „ლივერპულთან“ საჩემპიონთალიგო დაპირისპირებები მოჰყვება.