„დაცვაში გვაჯობეს, ჩვენი ყველა კომბინაცია შესწავლილი ჰქონდათ“ - არსენაშვილი ისრაელთან მარცხზე
თელავის სპორტის სასახლეში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის პირველი შეხვედრა საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ტიტე კალანდაძის მომზადებული გუნდი ისრაელთან სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გაირთულა, თუმცა წინ საპასუხო თამაშია, რომელსაც ხვალ ისევ თელავი უმასპინძლებს.
წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ბუნებრივია საკადრო პრობლემები გახლავთ და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, თუ როგორ აკლია ნაკრებს კაპიტანი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, ზურაბ გოგავა და ერეკლე არსენაშვილი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მიღებულ ტრავმას ახლაც იშუშებს. ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისრაელთან პირველი მატჩი საინტერესოდ შეაფასა.
ერეკლე არსენაშვილი
ძალიან რთულია წაგებულ შეხვედრაზე კომენტარის გაკეთება, მითუმეტეს ახლა, როდესაც მაყურებლის ამპლუაში მიწევს ყოფნა და ეს კიდევ უფრო მძიმე ამბავია ჩემთვის. ფაქტია და ჩანს, რომ ბიჭებმა ამ ეტაპისთვის, გუშინდელ მატჩში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგში ეს არ მოხდება, ის დონე, რაც ჩვენ აწეული გვქონდა, იმ ევროპულ დონეზე ვერ შეძლეს ასპარეზობა, რეაგირება ვერ მოახდინეს მეორე ტაიმში. არ ვიცი რისი ბრალი შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ტრავმებმა, თეიმურაზ ორჯონიკიძის, ზურაბ გოგავას და ჩემმა არყოფნამ იმოქმედა გუნდზე, თუმცა მე მჯერა, რომ ბიჭები იპოვიან ძალას, გავლენ და აუცილებლად დაამარცხებენ ისრაელს. სამბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა ხელბურთში შეუძლებელი არ არის და დარწმუნებული ვარ, თუ იმ დონეზე ვიასპარეზებთ, როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში ვთამაშობდით, სასურველ შედეგამდე აუცილებლად მივალთ.
ისრაელს უბრალოდ ჩვენი ყველა კომბინაცია შესწავლილი ჰქონდა, მათ შორის გიორგი ცხოვრებაძის ეგრეთწოდებული პარაშუტიც, რომელიც ევროპაშიც ყველა იცის და ბუნებრივია, ჩვენმა მეტოქემაც გაიგო. ტაქტიკურად არის რაღაც შესაცვლელი. მათი დაცვის თამაში იყო ჩვენს დაცვაზე ხუთი და ათი თავით გაუმჯობესებული ვერსია. ჩვენ ვიტანდით გოლებს, მაგრამ ისე სწრაფად ვიღებდით საპასუხო ბურთს საკუთარ კარში, რომ ფსიქოლოგიურადაც ძალიან ცუდად მოქმედებდა. დაცვაში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, რაზეც ზუსტად ვიცი, რომ აქტიური მუშაობა მიდის და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას რაც შეეხება, ვიმყოფები ყოველდღიური დაკვირვების ქვეშ, თუმცა უკვე დავიწყე ინდივიდუალურად ვარჯიში ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ფონზე. თავიდან ამბობდნენ, რომ სერიოზული არაფერი იყო, თუმცა როგორც გაირკვა, მუხლის ამოვარდნას ჰქონდა ადგილი და ახლა ვარ აღდგენით პროცესში. ყველაფერს ვაკეთებ საიმისოდ, რომ მალე დავბრუნდე, თუმცა მოვლენების დაჩქარებას არ ვაპირებ. ზუსტ დროს არ მეუბნებიან, მაგრამ რამდენიმე თვე კიდევ დამჭირდება.
ცნობისათვის, საქართველო-ისრაელის მეორე მატჩი ხვალ, თელავის სპორტის სასახლეში 16:00 საათზე დაიწყება და წარმატების შემთხვევაში ქართველები მომდევნო ეტაპზე გავლენ, სადაც მათი მეტოქე უკვე მსოფლიო ხელბურთის ერთ-ერთი გრანდი, ესპანეთის ნაკრები იქნება.