„ნამდვილი თავის ტკივილი სოსიედადისთვის“ | ესპანური პრესა მიქაუტაძეზე წერს
ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „სოსიედადი“ 3:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა მიითვალა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ესპანური გამოცემების ქებაც დაიმსახურა.
El Desmarque: „ნამდვილი თავის ტკივილი სოსიედადისთვის. თავიდანვე იყო ჩართული იერიშში, რომელსაც მეორე გოლი მოჰყვა და შეტევა უზუსტესი დარტყმით დააგვირგვინა. ჭკვიანურად გადაადგილდებოდა, სივრცეებს უტევდა და სახიფათო მომენტებს რეგულარულად ქმნიდა. ამ შეხვედრაში სრულყოფილი თავდამსხმელი იყო.“
AS: „ერთი გოლი გაიტანა, თუმცა სამისა და ოთხის გატანაც შეეძლო. თამაშში ძალიან იყო ჩართული და მუდმივად სახიფათო გახლდათ, თუმცა სიზუსტე აკლდა.“
PlazaDeportiva: „ლა კერამიკაზე საოცარი ატმოსფერო იყო და ტრიბუნები ხერარდ მორენოსა და გიორგი მიქაუტაძის გვარებს სკანდირებდნენ. მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაშია და სახიფათო მომენტები შექმნა.“
რაც შეეხება სტატისტიკას, მიქაუტაძემ მეტოქის კარის მიმართულებით 6-ჯერ დაარტყა, აქედან 3-ჯერ ზუსტად. ქართველმა ფეხბურთელმა 3 საკვანძო გადაცემა გააკეთა და ბურთს 38-ჯერ შეეხო. Sofascore-მა მისი თამაში 7.4 ქულით შეაფასა, ხოლო Whoscored-მა — 8.2 ქულით.
გიორგი მიქაუტაძის მომენტები