მამუკელაშვილის 4 ქულა - ტორონტო დენვერთან დამარცხდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ სათამაშო დღეს „ტორონტო“ კოლორადოში ჩავიდა და ადგილობრივ „დენვერთან“ 6-ქულიანი სხვაობით, 115:121 დამარცხდა. „რეპტორსის“ ქართველმა ლეგიონერმა სანდრო მამუკელაშვილმა მართალია მცირე სათამაშო დრო მიიღო და შედეგიანი მატჩიც არ ჰქონია, მაგრამ ასპროცენტიანი სიზუსტით მაინც ისროლა.
სანდრომ პარკეტზე გატარებულ 14 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა. მან ერთიდან ერთი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. თითო-თითო მოხსნა შეტევასა და დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი არ დაუკარგავს და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი „ნაგეტსის“ წევრი ჯამალ მიურეი გახდა, რომელმაც 31 ქულა, 5 მოხსნა, 6 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. „ტორონტოს“ რიგებში კი გამოირჩეოდა ორმაგი დუბლის ავტორი ჯეიკობ პოილტლი, რომლის აქტივშიც 23 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა იყო. სამმაგ დუბლთან ახლოს გახლდათ ნიკოლა იოკიჩი - „დენვერის“ ლიდერმა თამაში 22 ქულით, 8 მოხსნით, 9 პასით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით დაასრულა.
ცნობისათვის, 39 მოგებითა და 30 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კანადის კლუბი სტუმრად „ფინიქსთან“ გამართავს, რომელიც თბილისის დროით, 23 მარტს, დილის 05:00 საათზე დაიწყება.