პირველად ორივე ქართველი ძირითადში - შტურმმა ზალცბურგს ვერ მოუგო
„შტურმის“ შემადგენლობაში ორივე ქართველი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი ძირითად შემადგენლობაში ერთად პირველად მოხვდა. გიზოს აქამდე გრაცის კლუბში სასტარტოში მხოლოდ „ლინცთან“ (1:0) საშინაო მატჩი ჰქონდა ნათამაშები, რომელიც კიტეიშვილმა ტრავმის გამო გამოტოვა. ამჯერად კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, „ზალცბურგთან“ საშინაო თამაშში, რომელიც საბოლოოდ ფრედ, 1:1 დასრულდა, მთავარმა მწვრთნელმა ორივე მათგანს გამოუცხადა ნდობა. ოთარი, რომელმაც ავსტრიის ჩემპიონატში საიუბილეო, მე-200 მატჩი გამართა, ჩვეულ ადგილას, ფორვარდების უკან ასპარეზობდა, „იბერიას“ ყოფილი კაპიტანი კი მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე იყო გამწესებული.
ანგარიში 32-ე წუთზე „რედ ბულის“ ბელგიელმა ფეხბურთელმა იორბე ვერტესენმა გახსნა, რომელსაც ლამაზი გოლი კი გამოუვიდა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მასპინძლების მეკარეს უკეთ თამაში მართებდა. თითქოს „ზალცბურგი“ შესვენებაზე დაწინაურებული უნდა გასულიყო, თუმცა არბიტრის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე იონ გორენც სტანკოვიჩმა წონასწორობა აღადგინა და როგორც შემდგომში გამოჩნდა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება „შტურმის“ ქართველ ლეგიონერებს, გიზო მამაგეიშვილს გაცილებით კარგი მატჩი ჰქონდა. სტანდარტებს ასრულებდა და 39-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის წაქცევისთვის ჯარიმა სახიფათოდ დაარტყა, თუმცა ზალცბურგელთა მეკარემ მოიგერია. ცოტა ხანში კიდევ ერთი სტანდარტი თანაგუნდელს კარგად გაუთამაშა, მაგრამ კარიჩს დარტყმა არ გამოუვიდა. მეორე ნახევარში მამაგეიშვილი დასარტყმელ პოზიციაზე კიტეიშვილმა გაიყვანა და ბოლო მომენტში დაუფარეს, ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, 70-ე წუთზე კი გიზო შეცვალეს. ათბალიანი სისტემით „იბერიას“ ყოფილმა ნახევარმცველმა 6.4 მეათედი შეფასება მიიღო, 2 საკვანძო გადაცემა შეასრულა, ბურთს 40-ჯერ შეეხო და პასები 52-პროცენტიანი (21-დან 11) სიზუსტით გაანაწილა.
კიტეიშვილს საუკეთესო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია - კარისკენ საერთოდ არ დაურტყამს, დრიბლინგის ორივე მცდელობა წარუმატებლად დაასრულა და ათბალიანი სისტემით 6.3 ბალი დაუწერეს.
ცნობისათვის, უახლოეს დღეებში „შტურმის“ ორივე ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ისრაელთან და ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას დაიწყებენ.