„ინფანტინომ საფეხბურთო ოჯახის ნდობა დაკარგა“ - უეფას განცხადება
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვის იდეაზე უარი თქვა, რასაც ევროპული ფეხბურთის მმართველის ორგანო, უეფა გამოეხმაურა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფიფას პრეზიდენტმა საფეხბურთო სამყაროს ნდობა დაკარგა.
„მივესალმებით ფიფას გადაწყვეტილებას. ეს იდეა ერთხმად უარყვეს ეროვნულმა ფედერაციებმა ევროპასა და მთელ მსოფლიოში, რომელთა მიზანსაც ფეხბურთის დაცვა წარმოადგენს. მადლობას ვუხდით ყველა გულშემატკივარს, ლიგას, კლუბს, ფეხბურთელს, ცალკეულ პირებს, ასოციაციებსა და კონფედერაციებს, რომლებიც ამ იდეას ეწინააღმდეგებოდნენ. ასევე მადლობას ვუხდით ქვეყნების მეთაურებს, რომლებმაც ნათლად მიანიშნეს ფიფას პრეზიდენტს, რომ ფეხბურთი არ იყიდება.
ვერ შევეგუებოდით ასეთ ფარულ სქემებს, რომელთა განხორციელებასაც უსახური ადამიანები ცდილობენ. შესაბამისმა პირებმა პასუხი უნდა აგონ ამ ქმედებებზე. ფიფას ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ დაკარგა არა მხოლოდ უეფას, არამედ საფეხბურთო ოჯახის ბევრი სხვა წევრის ნდობაც.
როდესაც ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის თანამდებობაზე მოდიოდა, ის გამჭვირვალობაზე საუბრობდა. მის მიერ მომზადებული ინიციატივა გამჭვირვალე ნამდვილად არ იყო. ფიფას წევრ 211 ქვეყანაში მასობრივი ფეხბურთის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამისათვის ოჯახური ღირებულებების გაყიდვა საჭირო არაა.
ფეხბურთმა გაიმარჯვა, თუმცა ისტორია არ მთავრდება. ინიციატივა გაუქმებულია, მაგრამ ახლა ფიფამ ნდობა უნდა დაიბრუნოს“.
ცნობისთვის, ჯანი ინფანტინო გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ახალი, შვილობილი კომპანია FIFA Forward Enterprise, რომელიც გააერთიანებს ფიფას კომერციულ საქმიანობასა და ღონისძიებების (საუბარია კაცთა, ქალთა და ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატებზე) საორგანიზაციო საკითხებს. ამ კომპანიის აქციების არასაკონტროლო პაკეტი, დაახლოებით მეხუთედი, კერძო ინვესტორებზე 4.2 მილიარდ აშშ დოლარად გაიყიდება.