პირველად 2030 წელს | უეფა ევროს ყოველ ორ წელიწადში ჩატარებაზე ფიქრობს
ფიფასა და უეფას შორის უაღრესად დაძაბული მდგომარეობაა. ეს ფიფას ინიციატივითაა განპირობებული, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ჩემპიონატების წილების გაყიდვა იგეგმება. ახლახან უეფამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თუ ეს გეგმა განახორციელდება, მისი წევრი ფედერაციები ფიფას ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ავტორიტეტული ნორვეგიული გამოცემის, VG-ის ინფორმაციით, უეფას საგანგებო სხდომაზე კიდევ ერთი საკითხი განიხილეს — ევროპის ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება. თუ ფიფამ საკუთარი ინიციატივა უკან არ გაიწვია და გეგმები არ შეცვალა, უეფა კალენდარში ცვლილებებს შეიტანს.
ახალი სისტემით, ევროპის პირველი ჩემპიონატი შესაძლოა 2030 წელს გაიმართოს და მას ესპანეთმა და პორტუგალიამ უმასპინძლონ. ამჟამინდელი მდგომარეობით, ესპანეთმა და პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლონ, თუმცა უეფას ბოიკოტის გამო ვითარება შეიცვლება. შედეგად, მუნდიალის მასპინძლად მაროკო დარჩება.
ცნობისთვის, ჯანი ინფანტინოს ინიციატივაა, შეიქმნას ახალი, შვილობილი კომპანია FIFA Forward Enterprise, რომელიც გააერთიანებს ფიფას კომერციულ საქმიანობასა და ღონისძიებების (საუბარია კაცთა, ქალთა და ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატებზე) საორგანიზაციო საკითხებს. ამ კომპანიის აქციების არასაკონტროლო პაკეტი, დაახლოებით მეხუთედი, კერძო ინვესტორებზე 4.2 მილიარდ აშშ დოლარად გაიყიდება.