უეფა-მ აღიარა | ატლეტიკოს კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო
გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სამსაჯო სკანდალი ფაქტობრივად დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. უეფა-მ მსაჯებს ახალი მითითება გაუგზავნა და დაადასტურა, რომ მომავალში მსგავსი ეპიზოდების შეფასება ერთმნიშვნელოვნად უნდა მოხდეს.
როგორც Esport3 იუწყება, უეფამ მსაჯებს შეახსენა, რომ თუ სათამაშო ეპიზოდის დროს მეკარისგან გადაცემულ ბურთს მცველი საკუთარ საჯარიმოში ხელით შეეხება, ეს აუცილებლად პენალტით უნდა დაისაჯოს.
ეს განმარტება პირდაპირ უკავშირდება 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩს „ბარსელონასა“ და „ატლეტიკო მადრიდს“ შორის, როდესაც მადრიდელთა მცველმა მარკ პუბილმა საჯარიმოში ხუან მუსოს მიერ საჯარიმო დარტყმიდან მიწოდებულ ბურთს მარჯვენა ხელით შეეხო, თუმცა მთავარმა მსაჯმა, იშტვან კოვაჩმა, პენალტი არ დანიშნა. ეპიზოდში არც VAR ჩარეულა, რომელსაც გერმანელი კრისტიან დინგერტი ხელმძღვანელობდა.
უეფას დოკუმენტში კონკრეტულად ეს მატჩი არ არის განხილული, თუმცა ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წესის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა აღარ არსებობს — ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაინიშნოს პენალტი.
მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო.
„სწორედ ასეთი ეპიზოდებისთვის არსებობს VAR! ეს მეორე ყვითელი ბარათი და პენალტი უნდა ყოფილიყო,“ — განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.