ანდრეა პირლო, ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

ბუფონი: “პირლოს გამოსვლა რუსულ ვებგვერდზე უხერხული აღმოჩნდა“

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების აღორძინებას ახალი ხელმძღვანელობით ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიამ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, „სკუადრა აძურამ“ ბოლო სამ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მიიღო.

ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად რობერტო მანჩინი დანიშნა, ტექნიკური დირექტორის პოსტი კი კლაუდიო რანიერის ჩააბარა.

ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი მიიჩნევს, რომ ორივე გადაწყვეტილება სწორი იყო. La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში მან განსაკუთრებით მანჩინი შეაქო და აღნიშნა, რომ მისით ევროპის გრანდებიც უნდა ინტერესდებოდნენ.

„ტაქტიკური თვალსაზრისით მანჩინი საუკეთესო არჩევანია, რადგან თავისი სათამაშო ფილოსოფიით ამ პროექტს იდეალურად შეესაბამება. მე რომ პსჟ, „ბაიერნი“, „რეალი“, „იუვენტუსი“ ან სხვა დიდი კლუბი ვიყო, აუცილებლად განვიხილავდი მის კანდიდატურას,"

 — განაცხადა ბუფონმა.

იტალიის ნაკრების რესტრუქტურიზაცია ბუფონის წასვლითაც დაიწყო. ლეგენდარულმა მეკარემ დაადასტურა, რომ ეროვნულ გუნდში აღარ დაბრუნდება.

„ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა. იმ ადამიანთან საუბრობთ, რომელიც „იუვენტუსთან“ ერთად სერია B-ში გავარდა და ხელფასი 500 ათასი ევროთი შეიმცირა მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდის ნაწილად დარჩენილიყო,“

— თქვა მან.

ბუფონს ფედერაციაში ახალი თანამდებობაც შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.

„მალდინიმ და ლეონარდომ ეროვნული ნაკრების კოორდინატორის პოსტი შემომთავაზეს, რომელიც სერია A-სა და 17-წლამდელთა გუნდებს შორის კავშირს უზრუნველყოფდა. მათი ენთუზიაზმი დამაფიქრებელი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება არ შევცვალე. 1991 წლიდან დღემდე 20 დღეზე მეტი არასოდეს დამისვენია. დროა, ის ადამიანები დავაფასო, ვინც მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყვნენ — ჩემი მეუღლე, შვილები და მშობლები. ძალების აღდგენა მჭირდება,“

— აღნიშნა ბუფონმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ ლუჩიანო სპალეტის წასვლის შემდეგ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის არჩევაში მონაწილეობდა.

„მნიშვნელოვანი როლი მქონდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი. იმ პერიოდში ჯენარო გატუზო საუკეთესო კანდიდატი იყო. დრო ძალიან ცოტა გვქონდა და პლეი-ოფები კარს იყო მომდგარი. გუნდს ახალი მოტივაცია და თავდაჯერება სჭირდებოდა. ფეხბურთი კარგად მესმის და ვიცი, რომ მწვრთნელს ერთი წითელი ბარათით ან ერთი პენალტით არ უნდა აფასებდნენ. მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ხედავდე, რა ურთიერთობა ყალიბდება გუნდსა და მწვრთნელს შორის. იშვიათად მინახავს ისეთი ერთიანობა, პატივისცემა და საერთო მიზანი, როგორიც მაშინ იყო,“

— განაცხადა ბუფონმა.

ყოფილმა მეკარემ კლაუდიო რანიერის დანიშვნაც შეაფასა.

„ვხვდები, რომ გარედან გარკვეული ეჭვები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ასეთ რთულ პერიოდში რანიერისნაირი ადამიანის ყოფნა უდიდესი მნიშვნელობისაა. ის როგორც პროფესიული, ისე ადამიანური კუთხით განსაკუთრებული გარანტიაა,“

— თქვა მან.

ბუფონმა ანდრეა პირლოზეც ისაუბრა. მისი თქმით, იტალიის ნაკრების სისტემაში მუშაობა პირლოსაც შეეძლო, თუმცა რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი საბუკმეიკერო კომპანიის გლობალური ელჩობა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისშემშლელი აღმოჩნდა.

„მიხარია, რომ ანდრეამ ასეთ რთულ გზას თავი აარიდა. არსებული გარემოებები ნამდვილად იდეალური არ იყო. მისი გამოსვლა რუსულ ვებგვერდზე უხერხული და წარუმატებელი პოლიტიკური ნაბიჯი აღმოჩნდა, რომელმაც ის არასასურველ ფიგურად წარმოაჩინა,“

— აღნიშნა ბუფონმა.

მან კომენტარი გააკეთა იმაზეც, რომ ფედერაციაში პეპ გუარდიოლას დანიშვნის შესაძლებლობაც განიხილებოდა.

„მხოლოდ მისი სახელიც კი დიდ სტიმულს მოგვცემდა, მაგრამ შედეგის გარანტიას არც ის მოგვცემდა. გუარდიოლა ბოლო 30 წლის საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა მთელი კარიერა საკლუბო ფეხბურთში გაატარა. ეროვნული ნაკრები სრულიად განსხვავებული სამყაროა,“

— განაცხადა მან.

ბუფონმა იტალიური ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობაც შეაფასა.

„დღეს ევროპაში, ალბათ, მხოლოდ მეხუთე ლიგა ვართ. ჩვენი ჩემპიონატი გარდამავალი ეტაპის ჩემპიონატად იქცა — დიდი კლუბები ფეხბურთელებს აქ განვითარებისთვის უშვებენ, მაგრამ საკუთარ ახალგაზრდებს საკმარისი სივრცე აღარ აქვთ. ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, მათ შორის პრემიერ ლიგაშიც, თუმცა თითქოს ვერ ვხვდებით, რომ ბოლო 20 წელში ფეხბურთი მთლიანად შეიცვალა. ფრაზა „ჩვენ იტალია ვართ“ ლამაზად ჟღერს და ისტორიას ვერავინ წაგვართმევს, მაგრამ სხვები უკვე ან ჩვენნაირები გახდნენ, ან ზოგ შემთხვევაში ჩვენზე უკეთესებიც,“

— თქვა მან.

ინტერვიუს ბოლოს ბუფონი უეფასა და ფიფას შორის არსებულ დაპირისპირებასაც შეეხო და მსოფლიო ჩემპიონატში კერძო ინვესტიციების მოზიდვის იდეა გააკრიტიკა.

„მსოფლიო ჩემპიონატი შესანიშნავი იყო, თუმცა ბევრი რამ არ მომეწონა. ყველაზე მეტად კი მსოფლიო ჩემპიონატში კერძო კაპიტალის შემოსვლა მაშინებს. თუ გარკვეული საზღვრები გადაიკვეთება, მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. მხოლოდ ასე შეიძლება ფეხბურთი უკეთესი გახდეს. სამწუხაროდ, იგივე ვერ ვთქვი მაშინ, როდესაც სომალელი მსაჯი ომარ არტანი მსოფლიო ჩემპიონატიდან გააძევეს და თითქმის არავინ ამოიღო ხმა,“

— განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები