პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

L'Équipe: კვარაცხელია ბაზაზე საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში დაბრუნდა

ხვიჩა კვარაცხელია ორშაბათს „პარი სენ-ჟერმენის“ საწვრთნელ ბაზას დაუბრუნდა. ქართველი ვარსკვლავი ახალ სეზონს განსაკუთრებული მოტივაციით ხვდება და მისი მთავარი მიზანი პსჟ-სთან ერთად კიდევ უფრო წარმატებული სეზონის ჩატარებაა.

L'Équipe-ის ინფორმაციით, კვარაცხელიამ ზაფხულის შესვენება სრულად აღდგენასა და ინდივიდუალურ მომზადებას დაუთმო. გამოცემის ცნობით, მან ოჯახთან ერთად დასვენებაც მოასწრო, თუმცა ვარჯიში არც ერთი წუთით არ შეწყვიტა.

წყაროს ცნობით, 27 ივლისამდე კვარაცხელია სპეციალური ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა, რის შედეგადაც „პარი სენ-ჟერმენის“ ბაზაზე საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში დაბრუნდა.

ფრანგული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქართველმა შემტევმა მსოფლიო ჩემპიონატსაც დიდი ყურადღებით ადევნა თვალი. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა შენიშნა, რომ „ოქროს ბურთის“ ბრძოლაში აშკარა ფავორიტი ჯერ არ გამოიკვეთა.

სწორედ ამიტომ, L'Équipe-ის ცნობით, კვარაცხელიას ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში საკუთარი შესაძლებლობების თავიდანვე მაქსიმალურად წარმოჩენა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს — „ოქროს ბურთის“ მოგებისთვის ბრძოლაა.

ეს სიახლე განსაკუთრებით სასიამოვნოა პსჟ-ს მთავარი მწვრთნელისთვის, ლუის ენრიკესთვის. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პარიზელებს რამდენიმე ფეხბურთელი კვლავ ვერ ეხმარება, თუმცა ესპანელ სპეციალისტს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ კვარაცხელია სეზონს სრულ მზადყოფნაში და უზარმაზარი მოტივაციით იწყებს.

წყაროს შეფასებით, ქართველი შემტევი შესაძლოა გადამწყვეტი ფიგურა გახდეს პსჟ-სთვის სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრებში — 12 აგვისტოს „ასტონ ვილასთან“ სუპერთასზე და 16 აგვისტოს „ლანსის“ წინააღმდეგ საფრანგეთის სუპერთასზე.

 

მსგავსი სიახლეები