U18 ევრობასკეტი | საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხედფინალში ნიდერლანდელ თანატოლებთან დამარცხდა.
პირველ მეოთხედში ნიდერლანდელებმა 12-ქულიანი უპირატესობა შეიქმნეს, თუმცა მეოთხედის ბოლოს ქართველმა კალათბურთელებმა სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს - 12:20. მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა და 4 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ დიდ შესვენებაზეც ნიდერლანდების ნაკრები 2-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 39:37.
მესამე მეოთხედში ნიდერლანდელებს ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვიათ და ბოლო ათწუთეულის წინ მათი უპირატესობა უკვე 21 ქულა გახდა (61:40), საბოლოოდ კი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა შეხვედრა 59:70 დათმო.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მათე ხატიაშვილი იყო, რომელმაც 16 ქულას, 9 მოხსნას, 4 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. დავით ფაჩულიამ 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა, მათე ყავლაშვილმა კი 11 ქულა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 5-გუნდიან ჯგუფში ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა ბოსნია-ჰერცეგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიასა და შვედეთს მოუგო, თუმცა ბოლო ტურში უნგრეთთან დამარცხდა და მეორე პოზიციას დასჯერდა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 18-წლამდე ნაკრები მე-5 ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებს და 1 აგვისტოს რუმინეთს ნაკრებს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.