ბენჟამინ მენდი
Aa
Aa

“კარადაში დიდ ადგილს იკავებდა“ - მენდიმ 2018 წლის მუნდიალის სამახსოვრო თასი გაყიდა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ბენჟამენ მენდიმ დაადასტურა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულის საკუთარი სამახსოვრო თასი აუქციონზე გაყიდა.

სპორტულ ბიზნესზე სპეციალიზებული გამოცემა Sportune-ის ინფორმაციით, მენდიმ თასი აუქციონზე 54 000 ევროდ გაყიდა. გავრცელებულ ცნობებს ფეხბურთელი სოციალურ ქსელ Snapchat-ში ირონიული პოსტით გამოეხმაურა.

„ეს ჩემი ვარცხნილობაა თუ თქვენი? რა თქმა უნდა, ჩემი. ამიტომ რასაც მინდა, იმას ვიზამ. თანაც კარადაში ძალიან ბევრ ადგილს იკავებდა,“ — დაწერა მენდიმ.

ამგვარად, 32 წლის ფეხბურთელმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის სამახსოვრო თასი გაყიდა.

გამოცემის ცნობით, აუქციონი ამერიკულმა კომპანია Goldin-მა ჩაატარა, რომელიც სპორტულ კოლექციურ ნივთებზე სპეციალიზდება. მენდიმ, რომელიც ამჟამად პოლონეთის „პოგონ შჩეცინის“ ფეხბურთელია, ნივთის ავთენტურობის დამადასტურებელ სერტიფიკატსაც მოაწერა ხელი.

ამავე ინფორმაციით, თასს გარკვეული დაზიანებებიც ჰქონდა, მათ შორის, საძირკველთან ბზარი. პირველი პოსტის შემდეგ მენდიმ კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თავისი კარიერის სხვა ჯილდოები აჩვენა.

„სხვათა შორის, ესენიც გასაყიდი მაქვს,“ — დაწერა მან.

მენდის კარიერა 2021 წელს სერიოზულად დაზარალდა, როდესაც მას გაუპატიურებისა და გაუპატიურების მცდელობის რამდენიმე ბრალდება წაუყენეს. ფეხბურთელმა ოთხი თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, მოგვიანებით კი სასამართლომ ყველა ბრალდებაში გაამართლა.

გათავისუფლების შემდეგ მენდიმ ძველი კარიერის აღდგენა ვერ შეძლო. წარუმატებელი პერიოდები ჰქონდა „ლორიანსა“ და „ციურიხში“, რის შემდეგაც კარიერის გასაგრძელებლად პოლონეთის ჩემპიონატში გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები