ფერანი ბარსაში თავს პრიორიტეტად ვერ გრძნობს - პსჟ-ში ტრანსფერი აქტუალურია
მსოფლიო ჩემპიონმა და ფინალში გამარჯვების გოლის ავტორმა ფერან ტორესმა შესაძლოა კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირა ესპანელი თავდამსხმელის მომავლის განსაზღვრისთვის გადამწყვეტი იქნება.
MARCA-ს ცნობით, პსჟ მზადაა ტრანსფერის განსახორციელებლად მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოს. უახლოეს დღეებში პარიზულ კლუბსა და „ბარსელონას“ შორის პირდაპირი მოლაპარაკებებია დაგეგმილი, სადაც ფეხბურთელის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.
წყაროს ინფორმაციით, ფერან ტორესსა და პსჟ-ს შორის პირადი კონტრაქტის შეთანხმება პრობლემას არ წარმოადგენს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესიც უკვე არსებობს. შესაბამისად, ახლა ყველაფერი ორ კლუბს შორის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.
ფერან ტორესს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა კატალონიურ კლუბს ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე ფეხბურთელთან რამდენიმე თვეა არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ კლუბისთვის პრიორიტეტი აღარ არის — მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგაც კი. სწორედ ამიტომ, ის „ბარსელონას“ დასატოვებლად მზად არის.
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. თუ „ბარსელონა“ ფერან ტორესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გადაწყვეტს, 2022 წლის ტრანსფერის შეთანხმების მიხედვით, კატალონიელებს „მანჩესტერ სიტისთვის“ დამატებით 8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფერან ტორესი შესაძლოა კიდევ ერთი სეზონით დარჩენილიყო „ბარსელონაში“, ახალი კონტრაქტის გაფორმების გარეშე. თუმცა პსჟ-ს მზარდმა ინტერესმა ეს სცენარი მნიშვნელოვნად შეცვალა.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი თავს დაუფასებლად გრძნობს და თუ „პარი სენ-ჟერმენი“ და „ბარსელონა“ შეთანხმებას მიაღწევენ, ტრანსფერის განხორციელება გაცილებით მარტივი იქნება.
ფერან ტორესს სურს, რომ მომდევნო 10 დღის განმავლობაში საკუთარი მომავალი საბოლოოდ გაირკვეს. ამ ეტაპზე კი ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ მისი გზა პარიზისკენ მიდის.
პსჟ ახალ ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს, ხოლო „ბარსელონა“, რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, უკვე აქტიურად მუშაობს ახალი ფორვარდის დამატებაზე და ფერან ტორესის გაყიდვის შესაძლებლობასაც სერიოზულად განიხილავს.