სლოტი: “მამარდაშვილი მეორე მეკარის როლშია“
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპული ბრაიტონს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. მერსისაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მატჩის დასრულების შემდეგ, არნე სლოტმა კომენტარი გააკეთა.
რა წავიდა არასწორად მატჩში:
„პრობლემები ამ თამაშამდე ბევრად ადრე დაიწყო — როგორც ამ სეზონში არაერთხელ მოხდა. როცა ერთ შეხვედრაში ძალიან კარგად ვითამაშეთ და გვეგონა, რომ იმავე დონეს ან უკეთესსაც შემდეგ მატჩში ვაჩვენებდით, უკვე გვაკლდა მოჰამედ სალაჰი და ალისონ ბეკერი. ორი წუთის შემდეგ კი ჰუგო ეკიტიკეც დავკარგეთ. ასეთი რამ სეზონის განმავლობაში ხშირად გვემართებოდა და ახლაც იგივე მოხდა.
ამ სეზონში ხშირად ისიც ხდებოდა, რომ მეტოქის პირველი შანსი გოლით სრულდებოდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ „ბრაიტონმა“ დამსახურებულად მოიგო — პირველ ტაიმში თამაში თანაბარი იყო, მაგრამ მეორეში ისინი უკეთესები იყვნენ და გამარჯვება დაიმსახურეს.“
ალისონისა და ეკიტიკეს ტრავმებზე:
„ალისონი აუცილებლად გამოტოვებს სანაკრებო პაუზას და შემდეგ ვნახავთ. რაც შეეხება ეკიტიკეს, ვფიქრობ, საჭიროების შემთხვევაში ხვალაც ითამაშებდა — ეს უბრალოდ ძლიერი დარტყმით გამოწვეული ტკივილი იყო.
„ბრაიტონმა“ ზუსტად ისე ითამაშა, როგორც ველოდით — მაღალი ინტენსივობით. როცა გუნდი მხოლოდ 62 საათის დასვენების შემდეგ თამაშობს და მეტოქე თავიდანვე ძლიერ ორთაბრძოლებში გიწევს ჩართვას, ეს რთულია. ეს ჩვეულებრივი შეჯახებაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეკიტიკე ამის გამო თამაშიდან გავიდა. ასეთი რამ მატჩის დასაწყისშივე ნამდვილად პრობლემაა.“
ტრავმებისა და შემადგენლობის პრობლემებზე:
„უნდა გააგრძელო თამაში მაშინ, როცა მთელი სეზონი არ გყავს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ალექსანდერ ისაკი. ასევე არ გყავს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი ბოლო წლებში — მოჰამედ სალაჰი. ამას ემატება ეკიტიკეს არყოფნაც, რომელმაც ამ სეზონში დიდი გავლენა მოახდინა.
ასეთ სიტუაციაში ხშირად გიწევს ფეხბურთელების არაბუნებრივ პოზიციებზე გამოყენება. პირველ ტაიმში ამას კარგად გავართვით თავი, მაგრამ მატჩის მსვლელობისას „ბრაიტონი“ სულ უფრო ძლიერდებოდა. მეორე ნახევარში ისინი უფრო ახლოს იყვნენ მესამე გოლთან, ვიდრე ჩვენ ანგარიშის გათანაბრებასთან.“
ფანტაზიის ნაკლებობაზე:
„მაქვს კონკრეტული აზრი, რატომ გვაკლია ფანტაზია, მაგრამ აქ ამის განხილვას არ ვაპირებ. რაც არ უნდა ვთქვა, მაინც გამართლებად აღიქმება და მე არასდროს მიყვარს მატჩის შემდეგ გამართლებები. მეტოქე უნდა შევაქოთ — ისინი უკეთესები იყვნენ და მეტი შანსიც შექმნეს. მათი მწვრთნელისთვისაც კარგი იყო, რომ კაორუ მიტომას შემოყვანა შეძლო — მანაც ძალიან კარგად ითამაშა.“
ტრავმებზე რეაქციასა და ტრანსფერებზე კრიტიკაზე:
„მესმის იმ ადამიანების, ვინც ამბობს, რომ ამ ყველაფერზე თანაგრძნობა ნაკლებია. ინგლისში არ არიან მიჩვეულები იმას, რომ კლუბი ფეხბურთელებსაც ყიდის. ჩვეულებრივ, როცა გუნდი 450 მილიონს ხარჯავს, ეს ნიშნავს გაძლიერებას. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სხვა მოდელია — ჩვენ დაახლოებით 300 მილიონიც გავყიდეთ.
თუ 150-მილიონიანი ფეხბურთელი საერთოდ ვერ თამაშობს, ეს უკვე პრობლემაა. თუ ჯოვანი ლეონიც ტრავმის გამო ვერ არის ხელმისაწვდომი — ეს კიდევ ერთი პრობლემაა. ასე უკვე იმაზე ნაკლებ რესურსს ვიღებთ, ვიდრე გავყიდეთ. ბოლო პერიოდში ჟერემი ფრიმპონგი უფრო ხშირად თამაშობს, ხოლო გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ერთ-ერთი შენაძენია, მეორე მეკარის როლშია.
თუ წინა სეზონში ჩემპიონატი მოიგე და 150 მილიონი დახარჯე (და არა 450), ბუნებრივია, მოლოდინები მაღალი იქნება — მედიისგან, გულშემატკივრებისგან, ჩემგანაც.
მაგრამ ჩვენ კლუბში რეალურად ვუყურებთ სიტუაციას და იმას, რა გამოწვევები გვქონდა ამ სეზონში. შესაძლოა ამიტომაც ვართ უფრო რეალისტურები იმასთან დაკავშირებით, რატომ ვითარდება ყველაფერი ასე. თუმცა ეს მაინც საკმარისი არ არის — რაც არ უნდა მიზეზები მოვიყვანოთ, ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა მაინც მიუღებელია.“
შეგახსენებთ, რომ ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო და მინიმუმ 1 თვეს გამოტოვებს. ამის გამო გიორგი მამარდაშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენის წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს.
რაც შეეხება ლივერპულს, სლოტის გუნდი პრემიერ ლიგაში 49 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში კი ფულემს უმასპინძლებს.