გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„სპორტინგს გაცემული ფინანსების დაბრუნება სურს“ - პორტუგალიური გამოცემა ქოჩორაშვილზე წერს

გავლენიანი პორტუგალიური გამოცემა, A Bola საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ ქართველი ფეხბურთელის „სპორტინგში“ დარჩენა პრაქტიკულად, გამორიცხულია. გამოცემა ქოჩორაშვილის ტრანსფერის ვარიანტებს განიხილავს.

რა წერია სტატიაში:

27 წლის გიორგი ქოჩორაშვილის პროფესიული კარიერა გზაჯვარედინზეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ამ შაბათს ლაგუშში „სპორტინგის“ წინასასეზონო შეკრებას შეუერთდება, თუმცა იცის, რომ მწვრთნელი რუი ბორჟესი მასზე იმედებს არ ამყარებს. მიუხედავად ამისა, ალვალადედან მისი სრულფასოვანი ტრანსფერით წასვლის თაობაზე შეთავაზებები ჯერ არ არის — არადა, სწორედ ეს არის კლუბის ხელმძღვანელობის იდეალური სცენარი. A BOLA-ს ინფორმაციით, კლუბის მესვეურთა მიზანია, მინიმუმ დაიბრუნოს ის 5,5 მილიონი ევრო, რაც გასულ ზაფხულს ფეხბურთელის სანაცვლოდ „ლევანტეს“ გადაუხადა.

ფეხბურთელს ესპანეთში დაბრუნება სურს, სადაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი გაატარა. ეს სურვილი პირად მოტივებსაც უკავშირდება: ქოჩორაშვილი კარგად იცნობს ქვეყანას, სადაც ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში ჩავიდა („ჟირონას“ 19-წლამდელთა გუნდში სათამაშოდ) და, ამავდროულად, სურს პორტუგალიასთან ახლოს დარჩეს, რადგან მისი პარტნიორი, სანდრა მენდონსა, პორტუგალიელია. მის სახელს ვიგოს „სელტას“, „ხეტაფესა“ და „ლევანტეს“ უკავშირებდნენ, მაგრამ არცერთ მათგანს ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებია. ამ ეტაპზე მეზობელი ქვეყნის კლუბებს ფინანსურად უჭირთ და სატრანსფერო ბაზარიც ძალიან ნელი ტემპით მოძრაობს.

„ლომები“ ქოჩორაშვილის თაობაზე ვიგოს „სელტასგან“ ელიან ნაბიჯს. ვინაიდან კონტრაქტი 2030 წლამდე მოქმედებს, საბოლოო ჯამში, ქოჩორაშვილს ფინანსური სტაბილურობა გარანტირებული აქვს. თუმცა, შორსაა ის დრო, როცა მას „კაპიტან ამერიკას“ ეძახდნენ — მეტსახელი, რომელიც ესპანეთში გოლების აღნიშვნის სტილის გამო შეარქვეს. 2025/26 წლების სეზონში მწვანე-თეთრი მაისურით ქოჩორაშვილმა 26 მატჩი ჩაატარა და მოედანზე მხოლოდ 972 წუთი გაატარა, ისე, რომ არცერთი გოლი არ გაუტანია. საუკეთესო შედეგი, რაც მოედნის ბოლო მესამედში აჩვენა, ორი საგოლე გადაცემა იყო: ერთი ჩემპიონთა ლიგაზე ალმათის „კაირატის“ წინააღმდეგ და მეორე — პორტუგალიის ლიგაში „ავეშთან“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დაიწერა ბერძნული „პანათინაიკოსისა“ და პაოკ-ის ინტერესის შესახებაც, თუმცა ჯერჯერობით, არც ბერძნულ და არც ესპანურ გუნდებს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი არ შემცდარა, როდესაც გაყიდა, რადგან...“ - რას ამბობს მაურო მელუზო
„ნაპოლი არ შემცდარა, როდესაც გაყიდა, რადგან...“ - რას ამბობს მაურო მელუზო