საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვი საფრანგეთში? - ლიგა 1-ის კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს

Sportitalia-ს ინსაიდერის, ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, საბა საზონოვმა შესაძლოა კარიერა საფრანგეთის ლიგა 1-ის ლე ავრში გააგრძელოს. ფეხბურთელი, რომელიც თავისუფალი აგენტია, ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ სეზონში ლე ავრი 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზე გავიდა. მთავარი მწვრთნელი დიდიე დიგარია, რომელიც პოსტზე 2024 წლიდანაა.

24 წლის საბა საზონოვს ბოლო ორი სეზონი მთლიანად გაუცდა, ემპოლიში იჯარით ყოფნისას მძიმე ტრავმა მიიღო, გასული სეზონის დაწყებამდე ხეტაფეში ტრანსფერი ჩაეშალა, ტორინოში კი მის მიმართ სრული უნდობლობა იყო.

მიმდინარე წლის ზამთარში, ტორინოს ქომაგებს ქართველი მცველი შეხვდა. საზონოვმა მათთან გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელი, მარკო ბარონი, მას აღარც კი ესალმება: „ტორინოში არავის ვჭირდები. მთავარი მწვრთნელი, მარკო ბარონი გამარჯობასაც კი არ მეუბნება. მზად ვარ, გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ აქ ჩემი ყოფნა არავის უნდა. ბუონჯორნოსა და როდრიგესის დროს სერია A-ში საუკეთესო დაცვა გვყავდა და სათადარიგოთა სკამიდან ვთამაშობდი. ახლა ჩემპიონატში ყველაზე ცუდი დაცვა გვყავს და შემადგენლობაში მაინც არ ვარ. ტრავმა ბოლომდე მოვირჩინე და თამაში შემიძლია. როდესაც ჯანლუკა პეტრაკი სპორტულ დირექტორად დაინიშნა (2025 წლის დეკემბერში), ვისადილეთ და პირდაპირ მითხრა, რომ გუნდის ნაწილი აღარ ვარ“.

გასული სეზონის შემდეგ საბას ტორინოსთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. საბა ტორინოს გულშემატკივრებს დაემშვიდობა, გამოსამშვიდობებელი პოსტი ინსტაგრამში გამოაქვეყნა.

„მადლობა „ტორინოს“! ეს არის დიდი კლუბი ისტორიით, რომელიც ყველამ ვიცით და გვახსოვს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრი ვიყავი. მადლობა ტურინს – ქალაქს, რომელიც ჩემს სახლად იქცა.

გულშემატკივრებს: თქვენ წარმოუდგენლები ხართ! იცით, რომ ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიყავი. თქვენთან მუდამ ღია და გულწრფელი ვიყავი, ისევე როგორც თქვენ – ჩემთან.

ვწუხვარ, რომ მოედანზე ის ყველაფერი ვერ გავიღე, რაც მინდოდა და ვერ მოგანიჭეთ ის ემოციები და სიხარული, რასაც იმსახურებთ. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რატომ მოხდა ასე და ვინ არის რეალური პრობლემა.

ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. მუდამ წინ, „ტორო“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები