„ეს სწორი არ იყო“ | ცარუკიანმა მერაბისა და რუსი მოჭიდავის ჩხუბზე ისაუბრა
არმან ცარუკიანმა ფიზიკურ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც RAF Georgia-ს პრესკონფერენციის შემდეგ მერაბ დვალიშვილსა და ახმედ გაჯიმაგომედოვს შორის მოხდა. ცარუკიანი თვლის, რომ „მანქანა“ არასწორად მოიქცა.
„შეხლა-შემოხლა დაიწყო. მერაბმა მოულოდნელად დაარტყა ბიჭს, რომელიც მასთან მივიდა და უთხრა: „ჩვენს ძმაზე ცუდად ნუ ლაპარაკობ, სანამ აქ ვართ“. იმ მომენტში, როდესაც ის მერაბს ელაპარაკებოდა, დვალიშვილმა მას მოულოდნელად დაარტყა.
ჩემი აზრით, ეს არასწორი იყო, რადგან უნდა ელაპარაკათ და სიტუაცია გაერკვიათ. შემდეგ, როდესაც გასახდელში შევიდნენ, ერთი-ერთზე ჩხუბი დაიწყო. საბოლოოდ მათ ყველაფერი გაარკვიეს და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
მე უბრალოდ არეულობის ეპიცენტრში აღმოვჩნდი. ოთახში გვინდოდა შესვლა, რათა გვენახა, რა ხდებოდა და ისინი გაგვეშველებინა. 100 კაცი იყო და ისე გამოვიდა, რომ შუაში აღმოვჩნდი. ვიღაც ზურგიდან მექაჩებოდა, არც კი ვიცოდი, რა ხდებოდა და ვამბობდი: „გამიშვით, გასვლა მინდა, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ“. ისე გამოვიდა, რომ ვიღაცას ეგონა, თითქოს არეულობაში ჩართული ვიყავი, მაგრამ აქ საჩხუბრად არ ჩამოვსულვართ. ჩხუბი რომ გვნდომოდა, ყველაფერს სხვა ადგილას მოვაგვარებდით“.
შეგახსენებთ, რომ პრესკონფერენციაზე დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვთან შესაძლო ჭიდაობის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მერაბმა განაცხადა: „ეს ბიჭი ჯანდაბაშიც წასულა“. ვითარების დაძაბვა სწორედ ამას მოჰყვა. „მანქანასთან“ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ახმედ გაჯიმაგომედოვი მივიდა. მან მერაბს ჰკითხა, უმარზე ასე რატომ საუბრობდა და ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებდა.