ლანსი პსჟ-ს დაუპირისპირდა - სკანდალი მატჩის გადადებაზე
როგორც მოგეხსენებათ, პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ლივერპულს დაუპირისპირდება.
ამ გუნდების პირველი მატჩი 8 აპრილით თარიღდება, ხოლო მეორე 14. განმეორებით მატჩამდე ლუის ენრიკეს გუნდი ლანსს დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ს სატურნირო ცხრილში საკმაოდ დაძაბულია. პსჟ ლანსს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს და ამ გუნდების მატჩი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
პარი სენ ჟერმენმა ლანსს თხოვნით მიმართა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს სურს, რომ მატჩი გადაიდოს, რათა ლივერპულთან განმეორებით შეხვედრას დასვენებული შეხვდეს.
ლანსმა პარიზელთა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა და ოფიციალური განცხადებით უპასუხა:
„6 მარტს საბოლოოდ დადასტურდა „ლანსისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის განრიგი, რითიც შეიქმნა ჩარჩო, რომლის დაცვაც ყველა მხარეს ევალებოდა. პასუხისმგებლობისა და სიფრთხილის პრინციპებიდან გამომდინარე, „ლანსმა“ თავიდანვე აცნობა „პსჟ-ს“, რომ არ ისურვებდა ამ თარიღის ცვლილებას.
სპორტული სტაბილურობის დაცვის მიზნით, კლუბმა ასევე გადაწყვიტა, ამ თემაზე საჯარო კომენტარები არ გაეკეთებინა, თუმცა ბოლო პერიოდში გავრცელებულმა განცხადებებმა, ჩარევებმა და სხვადასხვა ინიციატივამ გვაიძულა, ეს დუმილი დაგვერღვია.
ჩვენი აზრით, იქმნება შემაშფოთებელი ტენდენცია — საფრანგეთის ჩემპიონატი თითქოს იქცევა მეორეხარისხოვან ფაქტორად, რომელიც უნდა მოერგოს გარკვეული კლუბების ევროპულ ინტერესებს. ეს არის სპორტული სამართლიანობის საკმაოდ უცნაური გაგება, რომელსაც ანალოგი რთულად მოეძებნება სხვა წამყვან ჩემპიონატებში.
თუ მატჩის თარიღი ახლა შეიცვლება, „ლანსი“ 15 დღით დარჩება თამაშის გარეშე, რის შემდეგაც მოუწევს ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში — რაც არ შეესაბამება არც სეზონის დასაწყისში შეთანხმებულ კალენდარს და არც იმ რესურსებს, რაც ჩვენს კლუბს გააჩნია, რათა მსგავსი დატვირთვა უპრობლემოდ გადაიტანოს.
შესაბამისად, გამოდის, რომ ლიგაში მეათე ბიუჯეტის მქონე კლუბი უნდა მოერგოს ყველაზე ძლიერების მოთხოვნებს იმ ინტერესების გამო, რომლებიც უკვე სცდება ეროვნულ ჩემპიონატს, რომელიც ისედაც შემცირდა ბოლო წლებში (ლიგა 1 — 18 გუნდამდე, ლიგის თასის გაუქმება).
ამ კონკრეტული შემთხვევის მიღმა დგას უფრო მნიშვნელოვანი საკითხი — თავად ჩემპიონატისადმი პატივისცემა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რამდენად დაცულია ეს პრინციპი, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ლიგა ხშირად მეორეხარისხოვნად განიხილება სხვა, შესაძლოა ლეგიტიმური, მაგრამ მაინც განსხვავებული მიზნების ფონზე.
„ლანსი“ კვლავ ერთგულია სამართლიანობის, წესების სიცხადისა და ყველა მონაწილესადმი პატივისცემის. ეს არის მარტივი, მაგრამ აუცილებელი პრინციპები — სამართლიანი და პატივსაცემი ფრანგული ფეხბურთისთვის.“
Communiqué du Racing Club de Lens
— Racing Club de Lens (@RCLens) March 23, 2026
Le 6 mars dernier, la programmation de la rencontre opposant le Racing Club de Lens au Paris Saint-Germain a été arrêtée, officialisant un cadre auquel chacun était alors convié à se conformer.
Dans un esprit de responsabilité et de mesure, le… pic.twitter.com/qsjBpmJaNN