Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | ხვიჩა კვარაცხელია დაწინაურდა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ, Goal-მა „ოქროს ბურთის“ საკუთარი რეიტინგი განაახლა. „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ წინ წაიწია და ოთხი საფეხურით დაწინაურდა.
ბოლო რეიტინგში, „კვარა“ მე-15 ადგილს იკავებდა, უახლესი მონაცემებით კი, მე-11 პოზიციაზეა. ქართველმა გარემარბმა ნუნუ მენდეშს, ვიტინიასა და ჯუდ ბელინგემს გადაუსწრო.
„კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების სტატისტიკა მთლად კარგად არ აღწერს დონეს, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში აჩვენა. თუმცა, სეზონის დასკვნით ეტაპზე გადავდივართ და ქართველი გარემარბი პსჟ-სა და ნაპოლის ჩემპიონობაში დიდი წვლილის შეტანასთან ძალიან ახლოსაა. ამავდროულად, მას მნიშვნელოვანი როლი აქვს გუნდში, რომელიც ფინალში გასვლისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია.
ევროტურნირზე, კვარაცხელიამ რამდენიმე ეფექტური და ამაღელვებელი მომენტი შემოგვთავაზა. ყველაზე გამოსარჩევი მეოთხედფინალში, ასტონ ვილასთან გატანილი საოცარი გოლია, რომელმაც ოქროს ბურთის ხმის მიმცემთა ყურადღება მიიქცია“, - წერს Goal-ი.
Goal-ის რეიტინგში, პირველ ადგილზე უსმან დემბელი იმყოფება. ლამინ იამალი მეორეა, რაფინია - მესამე, ჯანლუიჯი დონარუმა - მეოთხე, მოჰამედ სალაჰი - მეხუთე, პედრი - მეექვსე, ჰარი კეინი - მეშვიდე, კილიან მბაპე - მერვე, ლაუტარო მარტინესი - მეცხრე.