ზურიკოს ტრანსფერი გარდაუვალია? - სენტ-ეტიენი მზადაა ქართველს შეელიოს
„სენტ-ეტიენთან“ დაახლოებული სააგენტო, Footix.fr წერს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ზურიკო დავითაშვილი ფრანგულ კლუბს დატოვებს და კარიერას უდიდესი ალბათობით, „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს.
სააგენტოს ცნობით, ფინანსური პრობლემების გამო, „სენტ-ეტიენი“ იძულებულია, ქართველ შემტევს შეელიოს. თურქული მხარის მიერ შეთავაზებული თანხა ამ პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას მისცემს.
რას წერს Footix:
„სენტ-ეტიენმა შესაძლოა, იანვარშივე დაკარგოს შეტევაში გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. ძალიან კარგი სტატისტიკის მიუხედავად, „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობას ზურიკო დავითაშვილის შენარჩუნება გაუჭირდება, რადგან ზამთარში გუნდი ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებას გეგმავს.“
„გასაკვირია, რომ სწორედ დაწინაურების რბოლის შუაგულში, ASSE მზად არის, მნიშვნელოვან მოთამაშეს კარი გაუღოს, მაგრამ თუ ქაღალდებს შევხედავთ, ეს გარკვეულწილად, ლოგიკაშიც ჯდება.“
„ბეშიქთაში“ 24 წლის ფეხბურთელს რამდენიმე თვეა ყურადღებით აკვირდება და ტრანსფერის დახურვა ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა, თუმცა „სენტ-ეტიენმა“ დავითაშვილის შენარჩუნება შეძლო. კლუბთან დაახლოებული წყაროს ცნობით, გავიგეთ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში მხარეებს შორის კონტაქტი კიდევ ერთხელ დამყარდა და თუ „სენტ-ეტიენისთვის“ შეთავაზება სამართლიანად ჩაითვლება, კლუბი მის წინააღმდეგ არ წავა.“
„სენტ-ეტიენს სპორტული ასპექტის მიღმა ეკონომიკური მდგომარეობა მძიმე ტვირთად აწევს, რის გამოც მენეჯმენტი ნებისმიერ ფასად ცდილობს, თავიდან აიცილოს კლუბისთვის ზედმეტად მაღალი სახელფასო ხარჯები. „მწვანეები“ იმედოვნებენ, რომ ამის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტი ქართველის გაშვება იქნება, რაც ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.“
„რეალობიდან გამომდინარე გვიწევს, რომ სიტუაციას შევეგუოთ. კლუბისთვის ლიგა 1-ში დაწინაურება მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, - გაგვიმხილა „სენტ-ეტიენის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
ზურიკო დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ფრანგული გუნდის მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.