ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს სიზმარივითაა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“ - ხვიჩას ინტერვიუ CBS Sports-თან

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე „არსენალს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ლუის ენრიკეს გუნდმა ორი მატჩის ჯამში 3:1 გაიმარჯვა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ განვლილი მატჩი CBS Sports Golazo-სთან შეაფასა.

რა თქვა ხვიჩამ:

„ეს შესანიშნავი გრძნობაა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვარ და ეს სიზმარივითაა. ვფიქრობ, ეს შედეგი თავდაუზოგავი შრომის შედეგია და პროცესისადმი ნდობას ეხება. ძალიან ბედნიერი ვარ ამ კლუბში ყოფნით და ამ ბიჭებთან ერთად თამაშით. პარიზში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“.

„დღევანდელ მატჩში ნამდვილად რთული სტარტი იყო. მეტოქემ თამაში ძალიან კარგად დაიწყო და გოლის გატანის ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვცდილობდით, ჩვენი თამაში გვეჩვენებინა. გოლის გატანის შანსები ჩვენც გვქონდა, ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით და სწორედ ამიტომ მოვიგეთ. ნამდვილად რთული თამაში იყო, რადგან არსენალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. დაამტკიცეს, რომ როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც კარგად თამაში შეუძლიათ. ასე რომ, ჩვენთვის ძალიან, ძალიან რთული თამაში იყო“.

ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 18-დან 15 ზუსტი პასი (83%), 17-დან 6 პოზიციური დუელი მოიგო, 4 საჰაერო დუელიდან 2. სახიფათო სიტუაცია 2-ჯერ განმუხტა, ასევე, ორჯერ დაბლოკა მეტოქის დარტყმა. ჰქონდა 5 ართმევა. კარისკენ ორჯერ დაარტყა, ამ ორიდან ერთი ძელს გაარტყა, მეორე კი ააცილა. ასევე, მეორე ნახევარში კალაფიორისთან შელაპარაკების გამო ყვითელი ბარათიც მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ Sofascore-სგან მისი თამაში 6.8 ქულით შეფასდა.

ხვიჩას მომენტები არსენალთან:

ხვიჩა კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 31 მაისს, მიუნხენში, ალიანც არენაზე გაიმართება, პსჟ-ის მეტოქე კი „ინტერი“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ბარსელონა ორი მატჩის ჯამში 7:6 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაც შეხვედრის ბოლოს გააკეთა, წარმოუდგენელი იყო“ - ტიერი ანრი ხვიჩას თამაშზე
„რაც შეხვედრის ბოლოს გააკეთა, წარმოუდგენელი იყო“ - ტიერი ანრი ხვიჩას თამაშზე