„იანზე ძლიერი ვარ და დვალიშვილის დამარცხება შემიძლია“ - სენდჰეგენი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა განაცხადა, რომ დეივისონ ფიგერედოს დამარცხებით საჩემპიონო ჩხუბი დაიმსახურა და მერაბ დვალიშვილსა და შონ ომალის შორის გამარჯვებულს სწორედ ის უნდა შეხვდეს.
„ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ჩემი მენეჯერი ამას აუცილებლად განიხილავს. ვნახოთ, რა მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ საჩემპიონო ჩხუბი დავიმსახურე - ჩვენს წონაში სხვა აღარავინ დარჩა.
უმარ ნურმაგომედოვმა იჩხუბა ქამრისთვის და წააგო. პიოტრ იანმა ბოლო ბრძოლა მოიგო, მაგრამ წაგებული აქვს როგორც ომალისთან, ისე დვალიშვილთან - არა მგონია იანისა და მერაბის რემატჩი ვინმეს აინტერესებდეს.
მე იანზე ძლიერი ვარ და მერაბ დვალიშვილის დამარცხება შემიძლია. ფიგერედო 1,5 რაუნდში დავაფინიშე, იანმა კი ეს 5 რაუნდში ვერ შეძლო. მეტიც, ფიგერედომ იანი დააგდო, მე კი დავამტკიცე, რომ მასზე ძლიერი ვარ.
დივიზიონის საუკეთესო მებრძოლი ვარ და საჩემპიონო ჩხუბს ვიმსახურებ. თუ ასეთი შანსი მომეცემა, ჩხუბს იმდენი ხანი დაველოდები, რამდენიც საჭირო იქნება“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორი სენდჰეგენმა ბრაზილიელი დეივისონ ფიგერედო მეორე რაუნდში დაამარცხა და UFC-ში მე-11 გამარჯვება მოიპოვა.
რაც შეეხება ომალი-დვალიშვილის დაპირისპირებას, ის 7 ივნისს ნიუ-ჯერსიში გაიმართება.