W50 ლოპოტაში | ეკო გორგოძე ტურნირის გამარჯვებული გახდა
ეკო გორგოძე ლოპოტას 50-იანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართველი ჩოგბურთელი გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიოს 194-ე ჩოგანს, პოლონელ ლინდა კლიმოვიცოვას დაუპირისპირდა და ორ სეტში მოიგო.
ორივე პარტია დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. პირველ სეტში, 1:1-ზე, კლიმოვიცოვამ ბრეიკპოინტი გამოიყენა, თუმცა, ეკომ უკუბრეიკი შეასრულა. იგივე მოხდა 2:2-ზე და საბოლოოდ, გადამწყვეტი მეათე გეიმი აღმოჩნდა. გორგოძე 5:4-ს იგებდა და მეტოქის მოწოდებაზე სეტპოინტი გამოიყენა - 6:4.
მეორე პარტია მსგავსი სცენარით წარიმართა. საწყის ორ გეიმში, ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, შემდეგ კი თავიანთ მოწოდებაზე დამაჯერებელი იყვნენ. 5:5-ზე, ეკომ საკუთარი მოწოდება მოიგო, მეტოქისაზე კი მატჩპოინტი მიიღო, რომელიც გამოიყენა და ჩემპიონი გახდა - 7:5.
ცნობისთვის, გადამწყვეტ შეხვედრამდე, გორგოძემ ტაივანელი იოანა გარლანდი, რუსი ანასტასია ტიხონოვა, პოლონელი მარტინა კუბკა და კანადელი ალექსანდრა ვაგრამოვი დაამარცხა.