მერაბმა იანთან ჩხუბის შესახებ პირდაპირ ეთერში გაიგო | სიახლე ცეკვით აღნიშნა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საკუთარ ქამარს პიოტრ იანის წინააღმდეგ დაიცავს. მათი დაპირისპირება ორგანიზაციის ბოლო Pay-Per-View ღონისძიების მთავარი ორთაბრძოლა იქნება და თბილისის დროით 7 დეკემბერს გაიმართება.
UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა დვალიშვილისა და იანის ჩხუბი ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დააანონსა. სწორედ ამ დროს მერაბი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და ამ სიახლის შესახებ პირდაპირ ეთერში შეიტყო.
მერაბს ძალიან გაუხარდა, 2025 წელს კიდევ ერთი ორთაბრძოლის გამართვის საშუალება რომ მიეცა და ეს ამბავი ცეკვითაც აღნიშნა. „ამ სიახლეზე არაფერი ვიცოდი. არიელ, წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა, რადგან UFC-ისგან გარანტიებს ვერასდროს იღებ”, - აღნიშნა „მანქანამ“.
ცნობისთვის, დვალიშვილი UFC-ის ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც ერთი წლის განმავლობაში საჩემპიონო ქამარს ოთხჯერ დაიცავს. მერაბს იანთან ერთხელ უკვე უჩხუბია და მას დომინანტურ სტილში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო, თუმცა რუსი მებრძოლი ირწმუნება, რომ იმ ჩხუბში ტრავმა ჰქონდა და საკუთარი ძალების მხოლოდ ნახევარი აჩვენა.