8 მოხსნა 17 წუთში | ბითაძის ორლანდომ მაიამი დაამარცხა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ წინასასეზონო ეტაპზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. გამთენიისას ქართველი ცენტრის გუნდი „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა — 120:104.
ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 17 წუთი და 21 წამი გაატარა. გოგამ 2 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. 26 წლის ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ორი სამქულიანი ვერ გამოიყენა და ბურთი ერთხელ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ბითაძის 8 მოხსნა „ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
„მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოზლიმ სათამაშო დრო 17 კალათბურთელს მისცა. ყველაზე მეტი — 17 ქულა — ფრანც ვაგნერმა ჩააგდო. უენდელ კარტერ ჯუნიორმა 13 წუთში 12 ქულა მოიპოვა, ხოლო ტრისტან და სილვამ 11 ქულა მიითვალა. „მაიამის“ მხრიდან საუკეთესო კელილ უეარი აღმოჩნდა — 24 ქულა და 10 მოხსნა.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ მომდევნო მეტოქე „ნიუ ორლეან პელიკანსი“ იქნება, რომელსაც გუნდი 17 ოქტომბერს შეხვდება. რეგულარული სეზონი კი „მეჯიქისთვის“ 23 ოქტომბერს დაიწყება — კვლავ „მაიამი ჰიტთან“ შეხვედრით.